სუს–ის უფროსი – საბურთალოს სპეცოპერაციაზე: "ვერაფერს გეტყვით, ჯერ არ შეიძლება"
18/06/2020 08:11:43 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს თბილისში, საბურთალოზე 12 ივნისს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
"ვერაფერს გეტყვით, ვერაფერს... პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურიდან. არ შეიძლება ჯერ", - განაცხადა ლილუაშვილმა, რომელიც ჯანდაცვის სამინიტროს ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.
17 ივნისს სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია. მათ უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს, მოტივად უნდობლობა დასახელდა და განმარტეს, რომ ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ.


