საქართველო-ისრაელს შორის მიმოსვლა სავარაუდოდ, აგვისტოში აღდგება
18/06/2020 08:15:51 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ისრაელის ტურიზმის მინისტრი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენაზე. ამის შესახებ მინისტრების ონლაინ-შეხვედრის შემდეგ საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, მიმოსვლა როგორც ჩანს, აგვისტოში აღდგება.
მაისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება უსაფრთხო „მწვანე დერეფნების“ შესაქმნელად და პირველი სახელმწიფო, საიდანაც კორონავირუსის პანდემიისას საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. თუმცა, ივნისში ცნობილი გახდა, რომ ისრაელი პირველი აღარ იქნება ამ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო.
საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან აპირებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბალტიის ქვეყნებთან.


