ტიკარაძე: „სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი კოორდინირებული ნაბიჯები“
18/06/2020 09:12:40 საზოგადოება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა ესწრებოდა.
პრეზენტაციაზე საუბარი ძირითადად კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს შეეხო.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დაავადება არსად არ წასულა, ამიტომ საჭიროა, მნიშვნელოვანი და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა, რათა შემდეგი ეტაპების გადალახვა წარმატებით განხორციელდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდის მანძილზე სისტემური მიდგომა და კოორდინაცია იმისათვის, რომ სასწრაფო დახმარების სისტემას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ერთობლივად უხარვეზოდ ეთანამშრომლა ჰოსპიტალურ სექტორთან. დაავადება არსად არ წასულა და სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი გაგრძელდეს კოორდინირებული ნაბიჯები იმისათვის, რომ შევძლოთ შემდეგი ეტაპების წარმატებით დასრულება“, - განაცხდა ეკატერინე ტიკარაძემ.


