საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს PCR ტესტს აეროპორტშიც გაუკეთებენ
18/06/2020 12:02:06 საზოგადოება
საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს PCR ტესტს აეროპორტშიც გაუკეთებენ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ყველა წესი არის შემუშავებული და გვაქვს მრავლობითი პუნქტები იმისთვის, რომ მოხდეს ტურისტების გატესტვა საჭიროების შემთხვევაში, ასევე ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა საკარანტინო სივრცეს, რომელიც დღემდე იყო. უბრალოდ, გვაქვს რაოდენობრივი ცვლილება, რადგან გარკვეულ სასტუმროებს ვაძლევთ საშუალებას, რომ მიიღონ ტურისტები, თუმცა ყველა სასტუმრო ვალდებულია, გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები. ქვეყნებს შორის არსებობს სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები, რომელიც გულისხმობს, თუ როდის არის უსაფრთხო ტესტის ჩატარება. პირველი მოთხოვნა რაც გვაქვს, არის, რომ ტურისტს უნდა ჰქონდეს PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ აქვს. იმ ტურისტებთან, რომლებსაც მსგავსი ტესტის შესაძლებლობა არ ექნებათ და თან არ ექნებათ დოკუმენტი, ჩვენ ვუზრუნველყოფთ PCR ტესტის ჩატარებას, ეს მოხდება აეროპორტში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან PCR ტესტის პასუხს. აიღებს თუ არა ამ ხარჯებს თავის თავზე საქართველო, ჯერ ამ თემაზე ვმუშაობთ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის სხვა მოთხოვნები, რადგან ისინი თავის მხრივ საქართველოსთვის აკეთებენ სხვა მოთხოვნებს. ეს არის ორი ქვეყნის, მწვანე ქვეყნების ურთიერთმოლაპარაკების საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ უნდა შევჯერდეთ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან გეგმავს.


