
ევროსასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელი წარმოებაში მიიღო
18/06/2020 13:08:20 სამართალი
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2019 წლის 20-21 ივნისის დაზარალებულთა სარჩელები.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია "გავრილოვის ღამეს" დაზარალებული ჟურნალისტების: მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვისა და ზაზა სვანაძის სამართლებრივ ინტერესებს იცავს.
„2019 წლის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფმა ჟურნალისტებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღეს. პოლიციამ რეზინის ტყვიები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა ისეთ ვითარებაში, როცა მისი უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და თანაც, რაც მთავარია - გამოიყენა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთაგანაც კონკრეტულ/ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალადობის თუ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების რეალური და მყისიერი საფრთხე არ არსებობდა. ძალის გადამეტებამ დემონსტრაციის არაერთი მონაწილისა და ჟურნალისტის ჯანმრთელობის მძიმე და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.