
პროკურორი – გაბუნიას საქმეზე: „არაერთი მტკიცებულება იქნა მოპოვებული“
19/06/2020 08:04:20 სამართალი
ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის პროკურორის მაია სილაგაძის განცხადებით, ვისი შეკვეთით და მონაწილეობით იგეგმებოდა მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, თუმცა დეტალებზე ის არ საუბრობს.
„გამოძიება მიმდინარეობს შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე და ამ კუთხით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, არაერთი მტკიცებულება იქნა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, მათ შორის, ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები. ამ საქმეზე გარდა დღეს დასაკითხი პირებისა, დაიკითხა არაერთი მოწმე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა მოწმეების გამოკითხვაც. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ გავაჟღერებთ დეტალურად იმ კითხვებს, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ვინ მონაწილეობდა, ვინ იყო თანამზრახველი, ვისი შეკვეთით ხორციელდებოდა აღნიშნული ქმედება, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება", - განაცხადა მაია სილაგაძემ.
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.