
"სახელმწიფომ შემომთავაზა ნებისმიერი სახის დაცვა"
19/06/2020 08:10:58 სამართალი
ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ მას სახელმწიფომ დაცვა შესთავაზა. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"სახელმწიფომ შემომთავაზა ნებისიერი სახის დაცვა. მე ჯერ თანხმობა არ მითქვამს იმიტომ, რომ უნდა მოვილაპარაკო ჩემს ადვოკატთან. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს, მაგრამ უნდა შევაფასოთ საფრთხეები. მითხრეს, თუ გინდა სახელი და გვარიც შეიცვალეო და ყველანაირი დაცვა შემომთავაზეს. მოვილაპარაკებთ ადვოკატთან", – განაცხადა გაბუნიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ასევე დაგეგმილია “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გამოკითხვა.
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.