
"ორი წყარო მყავს, კითხვებიც ამაზე იყო"
19/06/2020 08:16:38 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა.
როგორც პროცესის შემდეგ გაბუნიამ განაცხადა, მას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2 წყაროსგან ჰქონდა მოპოვებული:
„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. ეს ინფორმაცია მწირეა. ორი წყარო მყავდა - ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას შესაძლოა, ჰქონოდა ადგილი და ამაზე იყო აქცენტი კითხვების დროს. რა ინფორმაცია მომაწოდა გვარამიამ, რა დეტალები იცოდა და საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. ასევე კითხვა იყო, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცველებისთვის ან სუს-სთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე განვუმარტე, რომ ამის მცდელობა არ მქონია. პირველ რიგში ვენდობი ნიკა გვარამიას. არ უთქვამთ რა ტიპის მტკიცებულებები აქვთ გამოძიების შედეგად მოპოვებული. მეორე წყარო არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მითვალთვალებენ. დიდი ალბათობით მასაც დაიბარებენ. დაახლოებით 2 თვეა ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვიყავი“, - განაცხადა გიორგი გაბუნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ასევე დაგეგმილია “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გამოკითხვა.
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.