Accentnews.ge
საია: "20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა და ამ დროისთვის არც ერთი სამართალდამცველი არ არის დასჯილი"

საია: "20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა და ამ დროისთვის არც ერთი სამართალდამცველი არ არის დასჯილი"

19/06/2020 08:35:12 სამართალი

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღემდე მოვლენების სისტემური ანალიზი არ გაუკეთებია.

როგორც საია–ში აცხადებენ, "ამ დროისთვის არცერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი და სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს. ამასთან, შესაბამის უწყებებს არ გაუტარებიათ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუწყობდა ხელს".

„საიას მიერ შესწავლილი ფაქტები ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ ვერ უზრუნველყო დაძაბული ვითარების კონტროლი, დეესკალაციის მისაღწევად არ მიმართა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსს. ამის საპირისპიროდ, მან, ძირითადად, არამართლზომიერი და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ ისროლა რეზინის ტყვიები, მათ შორის, აქციის იმ მონაწილეების მიმართულებით, რომელთა მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე, რიგ შემთხვევაში სამართალდამცავებმა ტყვიები ისროლეს ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოებზე დამიზნებით. 20-21 ივნისს არაერთი პირი, როგორც დაკავების პროცესში, ისე შემდგომ, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. პოლიციამ გადამეტებული და არასაჭირო ძალა გამოიყენა მაშინაც, როდესაც დაკავებულები მათი ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ და წინააღმდეგობას არ უწევდნენ. სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს მიზანმიმართულად ისროდნენ მედიის წარმომადგენლების მისამართითაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ეკეთათ. შედეგად, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები გამოირჩეოდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის მასშტაბურობითაც. ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისის ღამეს 275-მა პირმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მათ შორის, უმრავლესობა სამოქალაქო პირი და ჟურნალისტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, აქედან 121 კი დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას – ადმინისტრაციულ პატიმრობას“, - აცხადებენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში".

საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

- დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან, ასევე, აქციის დროს დაშავებულ პირთა, მათ შორის, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით;

- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განახორციელოს ყველა ის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც აუცილებელია 20-21 ივნისის მოვლენების სისტემური ანალიზისთვის;

- გამოძიების ფარგლებში სათანადოდ შეისწავლოს რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერების საკითხი და, ამ მიმართულებით, ხელმძღვანელ პირთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები;

- გამოძიების ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ რიგითი სამართალდამცავების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზე;

- სათანადოდ შეისწავლოს დაკავების დროს და შემდგომ პოლიციელთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები, სამართალდამცავთა ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების დაკისრების მიზნით;

- აქციის დაშავებულ მონაწილეებს, ასევე, უბრალო გამვლელებს, რომლებიც აქციის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ, აგრეთვე, მედიის წარმომადგენლებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი ჩართვა გამოძიების პროცესში;

- საიას დაცვის ქვეშ მყოფ სამ პირს, რომლებსაც გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული, მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულად გაცნობის უფლება;

- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პარალელურად, გამოძიება გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს, ასევე – 154-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა დასჯად ქმედებას წარმოადგენს;

- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

საქართველოს პარლამენტს

- განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგად, არსებული კანონმდებლობა შეიცვლება კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კოდექსით და დასრულდება მისი გამოყენების პრაქტიკა პოლიტიკური მიზნებით, საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტად;

- გააუქმოს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის სახე;

- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ბუნების გადაცდომებზე გაავრცელოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის გარანტირებული საპროცესო უფლებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S