
"მყავს 2 წყარო, ერთი სუს–ის, ხოლო მეორე "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანია"
19/06/2020 10:21:12 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით .„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა.
როგორც პროცესის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, მას ორი წყარო ჰყავს.
"შეკითხვები ჰქონდათ წყაროსთან დაკავშირებით. ჩემი წყარო არის სუს–ის მაღალჩინოსანი და ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე და ასევე მეორე მაღალჩინოსანი "ქართული ოცნების", რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციას", – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, სუს–ის წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას იგივე სუს–ს ვერ აცნობებდა:
„როგორ უნდა ჩამეყენებინა? სუს-ს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს? ეს ასე არ ხდება. ჯერ ერთი, დაზუსტებული ინფორმაცია არ იყო და მართალი გითხრათ, ჩემ მიერ სარწმუნოდ ბოლომდე არც იყო მიღებული. სუს-ის წყაროებიდან ასეთ ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით ვიღებთ ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-ს არ ვატყობინებთ, რამდენად მართალია, დაგვიდასტურეთო. რამდენიმე კვირით ადრე მივიღე ეს ინფორმაცია. ეს ახალი ამბავი არაა. საუბარია დაახლოებით 2 თვეზე. [...]ჩემი წყაროს ინფორმაციით ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლებოდა. მე რა ინფორმაციასაც ვფლობდი, ეს ინფორმაცია მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. ჩემი ინფორმაციით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მისთვის დაცვა არ შეუთავაზებია.
„ჩემთვის დაცვა არ შემოუთავაზებიათ. გაბუნიას შესთავაზეს დაცვა. ესე იგი საფრთხე ამოწურული არ არის. რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა, ეს მისი პოზიციაა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ასევე გამოიკითხა “მთავარი არხის” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია.
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.