
"პროცესზე დაადასტურეს, რომ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა"
19/06/2020 10:37:20 სამართალი
"პროცესზე დაადასტურეს, რომ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა", – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, სუს–ი ამ დრომდე არ აცხადებს, რომ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა და ხომ არ დაადასტურა ეს უწყებამ დღევანდელ პროცესზე?, გვარამიამ შემდეგი პასუხი გასცა:
"პროცესზე ამის უარყოფა არ მოუხდენიათ. დაადასტურეს, რომ ეს გიორგი გაბუნიაა".
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.