
“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებს I მოსმენით მხარს დაუჭერს
20/06/2020 11:09:35 საშინაო პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანეს.
თუმცა პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ "ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.
„ევროპული საქართველო“ საკონტიტიციო ცვლილებების მხარდაჭერაზე დღემდე უარს აცხადებდა, სწორედ იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლება არ ასრულებდა პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას, რაც მათი თქმით, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებასაც ითვალისწწინებდა.
„ევროპული საქართველოს“ დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა 19 ივნისს, საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების განცხადება, რომლითაც მათ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს „ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებების სრულად მიღება“.
ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით უნდა აირჩიონ.
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი, 21 ივნისს არის დანიშნული.