
„გახარიას რიტორიკა სითავხედე და უპასუხისმგებლობა იყო, ხოლო კობახიძის განცხადება – პოზიტივის შემომტანი“
20/06/2020 16:13:40 საშინაო პოლიტიკა
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია სურს, პირველ რიგში, შეცდომები უნდა აღიაროს.
მისივე თქმით, პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას რიტორიკა, რომ "მან მეხსიერებიდან წაშალა რაღაცები და აღარ ახსოვს ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს სითავხედე და უპასუხისმგებლობა იყო", ხოლო მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ "ხელისუფლებამ 20 ივნისს დღის განმავლობაში შეცდომა დაუშვა – რაღაც პოზიტივის შემომტანი".
"შარშან ამ დროს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის მიმართ გაუგონარი სითავხედე გამოიჩინა. განსაკუთრებით იმ ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად, რომლითაც არაერთი ადამიანი დაზიანდა. შედეგად მივიღეთ არაობიექტური გამოძიება, პოლიტიკური პატიმრების სტატუსით გათავისუფლებული გიგი უგულავა ისევე, როგორც მე . 8 მარტის შეთანხმება იყო ერთ–ერთი ობიექტური მანიშნებელი იმისა,რომ ხელისუფლება არასწორად მოიქცა ბოლო 1 წლის განმავლობაში. პოლიტიკური შეცდომა დავაშვებინეთ, მაგრამ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა – მან გაისროლა. გახარიას რიტორიკა სითავხედე და უპასუხისმგებლობა იყო რაც განაცხადა, რომ მან მეხსიერებიდან წაშალა რაღაცები და აღარ ახსოვს ვინ გასცა ბრძანება. თუმცა კობახიძის განცხადება, რომ მათ დღის განმავლობაში შეცდომა დაუშვეს, რაღაც პოზიტივის შემომტანი იყო. თუ ხელისუფლებას საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია სურს, პირველ რიგში, შეცდომები უნდა აღიაროს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნეს მიღებული. ამ ცვლილებებს შეუძლია, სიმშვიდე მოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. მშვიდად არჩევნების ჩატარება არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი და ყველამ ყველაფერი უნდა მოვინდომოთ ამისთვის", – განაცხადა ოქრუაშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ესწრება.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიაა“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.