თურქმა დეპუტატმა ქართულ საბაჟოზე კორუფციის შესახებ განაცხადა
21/06/2020 12:56:43 სამართალი
თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა აჰმეთ ქაიამ “ქართულ საბაჟოზე კორუფციის სისტემატიური ფაქტების” შესახებ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ თურქულ სატვირთო მანქანებს საზღვარზე მანამ არ ატარებენ, სანამ მძღოლები “მსხვილ ქრთამს” არ გადაიხდიან.
ქაია პრეზიდენტ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” მთავარი კონკურენტი პოლიტიკური ძალის - მემარცხენე ცენტრისტული რესპუბლიკური სახალხო პარტიის წარმომადგენელია, იგი პარლამენტში საქართველოს მოსაზრვრე ტრაბზონის ოლქიდან აირჩიეს.
16 ივნისს დეპუტატმა სპეციალური ბრიფინგი გამართა “ქართულ საბაჟოზე არსებული კორუფციის ფაქტების” გასაჟღერებლად და თურქეთის მთავრობისგან ამ საკითხში გარკვევის მოთხოვნის წასაყენებლად.
«რა ხდება, თუ მძღოლი არ იხდის? - მანქანა “წითელ ზონაში” გადაჰყავთ, სადაც ის 10-15 დღის განმავლობაში რჩება ვითომდა “შესამოწმებლად”. 1-2 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში კი მძღოლებს დაუყოვლებლივ ატარებენ” – განაცხადა, მედიის ინფორმაციით, დეპუტატმა.
ქაია მხოლოდ ბრიფინგით არ შემოიფარგლა: იმავე დღეს “Facebook”-ში პირად გვერდზე მან გაავრცელა განცხადება, რომელშიც საქართველოს საბაჟო სამსახური “კონტრაბანდისტებს” შეადარა და დააზუსტა, რომ “ქრთამს იმ მანქანების მძღოლებისგან მოითხოვენ, რომლებიც საქართველოში ტრანზიტად შედიან”.
საპასუხოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ თურქი დეპუტატის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
«საბაჟო კონტროლი, მათ შორის პროდუქციისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ავტომატიზებულად დამუშავებული მონაცემების გამოყენებას ეფუძნება და რისკების საერთაშორისო დონეზე შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით ხორციელდება. პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისა და მათი მძღოლებისთვის არანაირი სახის პრობლემა არ შექმნილა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში დაუბრკოლებლად, ყველა შესაბამისი პროტოკოლის დაცვით წარმოებს».
სამსახური ოფიციალურ სტატისტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმად, მარტი-მაისის განმავლობაში საზღვარი თურქეთიდან 25 000-მა ერთეულმა სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა, რომელთაგან სპეციალურ საბაჟო კონტროლს 109 მანქანა, ანუ საერთო რაოდენობის 0,4% დაექვემდებარა და მათმა უმრავლესობამაც საქართველოს ტერიტორია 1-4 დღის განმავლობაში დატოვა.


