
„კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ“
17/06/2019 10:53:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს.
„დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების კიდევ ერთხელ გადაწევასთან დაკავშირებით, კერძოდ 2019 წლის ბოლომდე. ჩვენ, ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში, როდესაც შედგა შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, შეთანხმება იყო მიღწეული, რომ კონსორციუმი მოახდენდა ინფორმირებას იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მათ დასჭირდეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ფინანსური ნაწილის დახურვა ინვესტორების მხრიდან და ამ ინფორმირების შედეგად ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს ამ საბოლოო ვადას", -განაცხადა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე ისაუბრა, შეხვედრაზე, რომელიც ამერიკაში მასსა და "SSA MARINE"-ის წარმომადგენლებს შორის შედგა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიები ამჟღავნებენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ.