
საქართველოში უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს
22/06/2020 10:49:50 სამართალი
პოლიციამ თბილისში უკრაინის სამი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალად ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში.
კერძოდ, გამოძიების ვერსიით, პირები თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქეებს თავისუფლების 8-დან 20 წლამდე, ან უვადო აღკვეთა ემუქრებათ.