24 ივნისის აღლუმი მოსკოვში – ანუ პუტინი პუტინის შემდეგ

22-06-2020 15:14:08 ანალიზი

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 7 600 ადამიანს გამოუვლინდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ (ოფიციალური სტატისტიკით) 8 ათასს გადააჭარბა. ფედერაციაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ დაავადებულთა რიცხვს მანიპულაციების შედეგადაც კი ვეღარ მალავენ. დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა ინტერნეტში გრაფიკების გამოქვეყნება დაიწყეს, რაც რეგიონებში არსებულ რეალურ მდგომარეობას ასახავს. ეპიდემია დაღმავალ ფაზაში მხოლოდ შვიდ რეგიონშია, მოსკოვის ოლქი პიკს ამ დღეებში გადასცდა, სანქტ პეტერბურგი კი ეპიდემიის პიკზე სწორედ ახლაა. ასეთი ვითარების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინის მიერ დანიშნული, სამამულო ომის დასრულების აღსანიშნავი აღლუმი მაინც 24 ივნისს გაიმართება. სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებში 177 ათასზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას. კრემლმა კორონავირუსთან ნამდვილი „კამათი“ იმის თაობაზე გამართა, თუ ვინ არის რუსეთში მთავარი, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და ვინ ვის ემორჩილება. კრემლმა პანდემია და მოქალაქეების დაავადების რისკი უმნიშვნელო წინაღობად გამოაცხადა და სასწორის მეორე პინაზე ადამიანების სიცოცხლე დადო.

აღსანიშნავია, რომ, „ნოვაია გაზეტა“-ს მიერ ჩატარებული კვლევით, მანიპულაციების დახმარებით, რუსეთის რეგიონებში კორონავირუსით დაღუპულ ადამიანთა ოფიციალური რაოდენობა 2-20-ჯერ შეამცირეს. კვლევაში საუბარია ჩრდილოეთ კავკასიაზეც, სადაც ბოლო თვეებია, ძალიან საგანგაშო სიტუაციაა, თუმცა, ოფიციალური წყაროების მიხედვით, იქ ადამიანები, ფაქტობრივად, არ კვდებიან.

24 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ “გამარჯვების აღლუმში” მონაწილეობას 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი საბრძოლო ტექნიკის ერთეული მიიღებს. წარმოდგენილი იქნება საჰაერო კომპონენტიც. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნა რუსეთის ფედერაციის 28 ქალაქშიც გაიმართება. თუმცა, იმ ათმა მსხვილმა ქალაქმა, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, უარი თქვა აღლუმის აღნიშვნაზე. ბოლო ინფორმაციით, პანდემიის გამო, წითელ მოედანზე გამართულ მასშტაბურ აღლუმს აღარ დაესწრებიან აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქმენეთის ლიდერები. თურქმენეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თვის ბოლოს დაბადების დღე აქვს და მისი აღნიშვნა საკუთარ ოჯახში უნდა, მოსკოვში ჩასვლის გამო კარანტინში ყოფნა მოუწევდა, ამიტომაც, დიდი ბოდიშის მოხდით, აღლუმს აღარ დაესწრება. რამდენიმე დღის ყაზახეთის პირველ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დიაგნოზი უბრალოდ აღლუმზე არდასწრების ფორმალური მიზეზია. ბუნებრივია, 24 ივნისს კრემლის ტრიბუნებზე არ დასხდებიან არც ევროპელი ლიდერები. თუმცა, კრემლის ოფიციოზის გვერდით იქნებიან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მმართველები – ბჟანია და ბიბილოვი.

მასშტაბური აღლუმისთვის მზადება ჯერ კიდევ 8 ივნისს დაიწყო. რუსეთში უკვე მაშინ იცოდა ყველამ, რომ რაც უნდა მომხდარიყო, სამთავრობო ღონისძიებები არ გადაიდებოდა. პანდემიის პიკზე მყოფ ქვეყანაში მასობრივი რეპეტიციები, კურსანტების შეკრებები და მძლავრი პიარკამპანია დაჩქარებულად მიმდინარეობდა. იმ ვეტერანებს, რომლებიც ტრიბუნებზე ვლადიმერ პუტინის სიახლოვეს დასხდებიან, ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუწიათ.

წითელ მოედანზე პირველი რეპეტიციები 17-18 ივნისს ჩატარდა – 900 მუსიკოსისგან შემდგარი ორკესტრი წინ მიუძღვოდა 14 ათას სამხედროს, რომელთა შემდეგად მექანიზირებულმა კოლონამ ჩაიარა. უკვე გაიმართა გენერალური რეპეტიციაც. მანამდე კი აღლუმის მონაწილეები მთელ კვირას გადიოდნენ წვრთნებს ალაბინოს პოლიგონზე, რომელიც ზუსტად იმეორებს წითელი მოედნის ტოპონიმიკას. სამხედროებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს და განაცხადეს, რომ პირად შემადგენლობაში დაინფიცირებული არცერთი ადამიანი არის. ბუნებრივია, რეპეტიციებისა და აღლუმის დროსაც სოციალური დისტანცია დაცული არ იყო, რადგან აღლუმის დროს სამხედროები მხარდამხარ დადიან. არადა, აღლუმის მომზადების თაობაზე პუტინის ბრძანებაში ნებისმიერი რისკის მოხსნის აუცილებლობაზე იყო საუბარი. თუმცა, ეს აუცილებლობა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ ბრძანებად დარჩა.

მედიცინის დოქტორი, ალექსეი ერლიხი ამბობს, რომ აღლუმი და რეპეტიციები დაავადებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. „შეიძლება, ბევრი ვისაუბროთ იმაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური. არცთუ ისე სწორია განმარტებების გარეშე სამედიცინო კუთხით შეზღუდვების მოხსნა. ეპიდემიოლოგიური დახასიათებების გარეშე შეზღუდვების მოხსნა, რეპეტიციები და ხალხის შეკრებები, 24 ივნისის არასამუშაო დღედ გამოცხადება – ყველაფერი ეს შეიძლება, გახდეს იმის მიზეზი, რომ, მინიმუმ, არ მოხდება ავადობის შემცირება.“

და რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი კრემლისთვის ამ აღლუმის გამართვა? დამოუკიდებელი რუსი ექსპერტები და სამოქალაქო სექტორი ფიქრობენ, რომ კიდევ ერთხელ, უდიდესი გამარჯვების გახსენება, საბრძოლო ძალების აფიშირება და ძლევამოსილების შეგრძნების გაღვივება კრემლს იმისთვის სჭირდება, რომ სწორედ ამ აღლუმის მომდევნო დღეებში იგეგმება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის ცვლილებების დამტკიცება. ამის მისაღწევად კი 25 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე სახალხო რეფერენდუმი გაიმართება, რა დროსაც რუსეთის მოქალაქეებმა პუტინის პრეზიდენტობის ვადების განულებას უნდა დაუჭირონ მხარი.

შესაბამისად, 24 ივნისის აღლუმი გახდება სანიმუშო არგუმენტი იმის საჩვენებლად, რომ პუტინის ძალაუფლება ყველაფერზე მაღლა დგას, ადამიანების სიცოცხლე კი სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. თანაც, პუტინის „თხოვნით“ თვითიზოლაციაში ყოფნის შემდეგ, რუსები არა კომპენსაციებს, არამედ სამხედრო აღლუმს მიიღებენ. ასევე, 26 ივლისს დამატებით, „უკვდავი პოლკის“ სახალხო ღონისძიებებიცაა დაგეგმილი… როგორც რუსულ ინტერნეტსივრცეში ხუმრობენ, ბელადი „უკვდავი პოლკის“ შეკრების მაგივრად „კოვიდის პოლკს“ ქმნის. ხოლო მას მერე, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა, რუსეთში ვლადიმერ პუტინის შემდეგ ისევ ვლადიმერ პუტინი გამეფდება.

ანა ცხოვრებაშვილი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები