
პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების თაობაზე წესები მუშავდება
22/06/2020 14:53:36 საშინაო პოლიტიკა
2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პარლამენტში სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლო წესები განიხილეს. შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგმები, დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციის, მთავრობის, სხვადასხვა სამინისტროს და ცსკ–ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს წესები, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება და რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იგეგმება არაერთი შეხვედრა სპეციალისტებთან, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარებას.
"პრაქტიკულად ყველა მხარე იზიარებს ამ პრობლემებს და მისი გადაჭრის პრინციპებს. ამ რეგულაციებით საარჩევნო პროცესის დაცულობას უზრუნველვყოფთ. ეს რეგულაციები არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აუცილებელია რისკების შემცირებისთვის საარჩევნო პერიოდში, შემუშავდეს რეკომენდაციები:
"უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რომელიც საარჩევნო პროცესზე ეპიდემიის გავრცელების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს, ამიტომაც შეიქმნა ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს რეკომენდაციებზე, როგორც არჩევნების პერიოდში ასევე წინასაარჩევნო პერიოდშიც".