Accentnews.ge
"თუ რურუას არ გამოუშვებენ, "ოცნებას" ჩვენი კურთხევა მე-2 და მე-3 მოსმენაზე არ ექნება"

"თუ რურუას არ გამოუშვებენ, "ოცნებას" ჩვენი კურთხევა მე-2 და მე-3 მოსმენაზე არ ექნება"

22/06/2020 17:47:44 საშინაო პოლიტიკა

"თუ რურუას არ გამოუშვებენ, "ოცნებას" ჩვენი კურთხევა მე-2 და მე-3 მოსმენაზე არ ექნება", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ივანიშვილი უკვე ისტერიაშია, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და შეცდომებს უშვებს, რითაც ქვეყანასაც აზიანებს:

„ახლა რომც ჩააგდოს თავისი ხმებით, პროცესი ვერ შეჩერდება - ხელმეორედ დასმა შეიძლება კენჭის ყრაზე. რურუას გათავისუფლებისთვისაც არის ინსტრუმენტი - ამ საკითხს არავინ მოხსნის. ივანიშვილს თუ უნდა თავი დაიღუპოს, რურუას არგამოშვება იქნება სიგნალი, რომ ის არ ასრულებს შეთანხმებებს. ის არის ისტერიულ მდგომარეობაში. პროგნოზები არის უსარგებლო საქმე - უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვებაც ხომ ლოგიკაში არ ჯდებოდა, საკუთარი თავი დაიზიანეს. ეშინია ამ ისტერიულ ლიდერს ძალაუფლების დაკარგვის, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს და ივანიშვილი გონს მოეგოს. იქამდე მას არ ექნება მეორე და მესამე კურთხევაზე „ევროპული საქართველოს“ კურთხევა".

ცნობისთვის: პარლამენტი ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით, მომავალ კვირას კი მესამე მოსმენით უყრის კენჭს.

21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, პარლამენტის 150-დან 120 წევრი აირჩევა პროპორციული(77-ის ნაცვლად) და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით(ნაცვლად 73-ისა). გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი საარჩევნო ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულ ოცნების“ უმრავლესობის მიერაა ინიცირებული ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

21 ივნისს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა. პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა „ევროპული საქართველოს“ 20-მა წევრმა. ამასთან, პარტიაში განაცხადეს, რომ შემდგომი მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S