
TI - რესპონდენტთა 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო "ოცნების" გავლენის ქვეშ არის
23/06/2020 07:45:04 სამართალი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გავლენის ქვეშ არის.
ამავე კვლების მიხედვით, ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება რესპონდენტთა 23%, ხოლო 15% პასუხობს, რომ "არა". დარჩენილ 16%–ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
აქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 40-40%–ის აზრით, სასამართლო გავლენიანი ჯგუფის (კლანის) გავლენის ქვეშ არის და მიკერძოებულია. მოსამართლეთა კვალიფიკაცია გამოკითხულთა მხოლოდ 30%–ს მოსწონს, სამართლიანობა კი 20%–ს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2%-ია.