Accentnews.ge
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა

23/06/2020 10:05:02 საშინაო პოლიტიკა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა

ცნობისთვის: საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

21 ივნისს პირველი მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა. მათ შორის ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოითხოვენ პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრამდე განაცხადა, რომ რურუას გათავისუფლების გარეშე მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუა, რომლის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, ისევ წინასწარ პატიმრობაშია.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ 2019 წლის ნოემბერში დაკავებული „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

ცვლილებებს მხარს უჭერენ ფრაქციები "დამოუკიდებელი დეპუტატები" და "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები" და უფრაქციო დეპუტატების ნაწილი.

პირველი მოსმენით კენჭისყრისას ხმა წინააღმდეგ მისცა ხუთმა დეპუტატმა - "ქართული ოცნების" უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა, ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და დავით ჭიჭინაძემ, "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილმა წევრმა, ემზარ კვიციანმა და დმანისი-წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S