
HRC: "ხორავას საქმეზე სამოხელეო დანაშაულში მონაწილეები ისევ არ დაუსჯიათ"
23/06/2020 12:35:01 სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ დაუსჯელნი არიან სამოხელეო დანაშაულში მონაწილე პირები.
23 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, რომელიც გამოძიების პროცესში ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავდა, ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი მიმოიხილავს ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების სრულ ქრონოლოგიას და მიუთითებს, ორგანიზაციის შეფასებით, არაერთ ხარვეზზე, რაც გამოძიების და შემდგომ პროცესებში გამოიკვეთა.
„ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას იმ სისტემური პრობლემების სიმწვავე, რომელსაც უშუალო გავლენა აქვს თითოეულ ჩვენგანზე. სიმართლისათვის ბრძოლისას დაზარალებულისა და მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის – ადამიანის უფლებათა ცენტრის პრინციპული პოზიციისა და დაზარალებულის მხარდასაჭერად სამოქალაქო საზოგადოების არნახული კონსოლიდაციის შედეგად, თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდან მოვლენათა არაადეკვატური შეფასების შედეგია ის, რომ ორი წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აირჩია. [...] ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების თავდაპირველი შედეგები მნიშვნელოვნად შეიცვალა და რამდენიმე ადამიანი მიეცა პასუხისმგებლობაში, კვლავ დაუსჯელნი არიან სამოხელეო დანაშაულში მონაწილე პირები. შესაბამისად, სისტემაში რეალური ცვლილებების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გამოძიების სრულყოფილი წარმართვა, საზოგადოების დროული ინფორმირება და დამნაშავეთა დასჯა“, – ნათქვამია 23 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულმა საქმის მტკიცებულებების განადგურება ან დაზიანება გამოიწვია.