
შაქარაშვილის ბიძის ცნობით, ახალგაზრდის ცხედარს დაზიანებები აღენიშნება
23/06/2020 14:03:40 სამართალი
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, ახალგაზრდის ცხედარს დაზიანებები აღენიშნება და მნიშვნელოვანია, გაირკვეს, თუ რის გამოა გამოწვეული ეს დაზიანებები.
„რადგანაც შსს-მ კვალიფიკაცია შეცვალა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ რაიმე საფუძველი, რომ ახალი კვალიფიკაციით გააგრძელონ გამოძიება. მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა, მთელი ეს დღეებია ვცდილობთ, ხელი არ შევუშალოთ გამოძიებას. პირიქით, ჩვენი ვერსიებით ვამარაგებთ და გამოძიებაც ყოველდღიურად ყველაფერს ამოწმებს, ამას საკუთარი თვალით ვუყურებ. რა დრო სჭირდება კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხს, ეს ძიების საგანია. მე ვერ გეტყვით, უახლოეს პერიოდში მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას ვინმეს დაკავების შესახებ. როცა ადამიანმა არ იცი საქმის გარემოებები, კონკრეტული მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ ეს დრო მეტია და დროის გაჭიანურებასთან გვაქვს საქმე თუ არ გვაქვს, ეს ძალიან რთული სათქმელია. სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ყოველთვის დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ გამოიკვეთება ექსპერტიზის შემდგომ რაიმე კონკრეტული დანაშაულის კვალი, ცხადია, ჩვენი პოზიცია გვექნება კვალიფიკაცის დამძიმებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია იმ ზღვარის და მიჯნის გამოვლენა, დაზიანებები მიღებულია სიცოცხლის პერიოდში, თუ გარდაცვალების შემდგომ. ამიტომ, აქვს თუ არა დაზიანება, ახლა ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ის, თუ რის გამოა გამოწვეული დაზიანებები. დაზიანებები აქვს, ბუნებრივია, სამი დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტში იმყოფებოდა, თუმცა გარდაცვალებამდე მიადგა თუ არა ვერ გეტყვით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისთვის: შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთდღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.