
ნოდარ მელაძე სუს–ში დაიბარეს
23/06/2020 16:15:08 სამართალი
"ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერი, ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ თავად მელაძემ განაცხადა.
როგორც ტელეწამყვანი გამომძიებელზე დაყრდნობით აცხადებს, საქმე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის მზადების შესახებ მიმდინარე გამოძიებას ეხება.
„როდესაც გამომძიებელს ვთხოვე, დაეკონკრეტებინა, რასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, მან მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა იმ ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც შაბათს „ტვ პირველმა“ მოამზადა: ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები ვასამგებ ბოკოვთან დაკავშირებით, რომლიც შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურისთვისაც ახალი იყო. ეს არის რუსულ ძალოვან უწყებაში ამ პირის შესახებ დაცული სრული დოსიე. ჩვენ ბოკოვის ძმასთან გავედით კავშირზე, რომელიც ამბობს, რომ მედიით გავრცელებულ კადრებს ბევრჯერ უყურა და მათში ფიზიკური მონაცემებით საკუთარი ძმა ვერ ამოიცნო, მით უფრო, რომ ეს დაბალი გარჩევადობის კადრები არ იყო“,– განაცხადა მელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ის სუს–ში მისვლას გეგმავს.
„ბევრი არაფერი მაქვს მათთვის სათქმელი, რადგან მასალა ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებშია მოპოვებული და ჟურნალისტს არ აქვს ვალდებულება, დაასახელოს არც წყარო და არც მოპოვების გზები“.
მელაძე გამოკითხვაზე 24 ივნისს არის დაბარებული.