
ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძეს შეხვდა
23/06/2020 20:56:40 სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა.
როგორც „TV პირველთან“ დაზარალებულის ინტერესების დამცველმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, შოთაძე მათ გამოძიების ფარგლებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაპირდა:
"მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ხედვა და მოლოდინი წარმომედგინა მისთვის. მთავარი მესიჯი, რაც მივიღეთ, იყო ის, რომ გენერალური პროკურორი მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები".
ზაზა სარალიძემ გენერალურ პროკურორთან შეხვედრა 4 ივნისს მოითხოვა. დაზარალებულის ოჯახის მოთხოვნაა, სამოხელეო დანაშაულის კუთხით გააქტიურდეს საქმე:
"მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვთ ამაზე ინფორმაციას. ამავე დროს, ვითხოვთ, მოხდეს შეხვედრა. დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ ვთვლით, რო ხორავას ქუჩის საქმეს ვერ მივიჩნევთ დასრულებულად, თუ არ მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, მათ შორის სამოხელეო დანაშულთან დაკავშირებით", — თქვა დაზარალებულის უფლებადამცველმა.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს, სწორედ, ზაზა სარალიძის მოთხოვნით გადადგა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხთვიანი პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით უცნობი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო.
ირაკლი შოთაძე 2020 წლის 18 თებერვალს კვლავ პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელად დაბრუნდა.
კონკურსანტებს შორის ირაკლი შოთაძის გამოჩენას კი ზაზა სარალიძე „ფეისბუკზე" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, როცა მას არ აქვს გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი, ყოფილი მთავარი პროკურორის დაბრუნებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძისგან „ღირსეულ ნაბიჯებს“ დაელოდება.