
გიორგი გაბუნიას საქმეს ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი ეხმიანება
24/06/2020 07:22:09 სამართალი
ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მომზადების საქმეს ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი ეხმიანება.
ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტის სავარაუდო ლიკვიდაციის შეთქმულებას და სთხოვს საქართველოს მთვრობას, ყველაფერი გააკეთონ მისი სიცოცხლის დასაცავად.
„არც ერთი ჟურნალისტი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო მუქარებს არ უნდა იღებდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის: 12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს. სამიზნე სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.
15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.19 ივნისს, გამოკითხვის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული პირი არა უშუალოდ შეკვეთის შემსრუელბელი, არამედ ე.წ. მზვერავი იყო.
გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის გინებას. ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს". აღნიშნული მუქარა მან რამდენიმე დღის წინაც გაიმეორა.