
ცხინვალში კორონავირუსი რუსეთიდან დაბრუნებულ მორიგ სტუდენტს აღმოუჩინეს
24/06/2020 08:56:49 კონფლიქტები
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების მორიგი – 85-ე შემთხვეა აღირიცხა. “იუგოსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, სხვა ინფიცირებულთა უმრავლესობის მსგავსად, ეს პაციენტიც რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტია.
მისივე თქმით, ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 33 პაციენტი რჩება. მათგან 32 რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტები და სამხედრო სასწავლებლების კურსანტები არიან, ერთი - მედიკოსი. სხვა დაწესებულებებში დაკვირვების ქვეშ რჩება 113 მოქალაქე.
ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა ოკუპირებულ რეგიონში 5 მაისს დაფიქსირდა. იმ დროიდან მოყოლებული, ოფიციალური ინფორმაციით, სულ 2 312 ტესტირება ჩატარდა და ვირუსი 85 მოქალაქეს დაუდგინდა. მათგან 52 გამოჯანმრთელდა. სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.