
შაქარაშვილის საქმის მოწმეს დაზიანებები აქვს: „ხიდზე ორი ადამიანი უსწორდებოდა“
24/06/2020 13:15:03 სამართალი
ვახო ახვლედიანი, რომელიც გარდაცვლილ 19 წლის ფეხბურთელთან გიორგი შაქარაშვილთან ერთად მაგისტრალზე იმყოფებოდა, ნაცემია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახვლედიანის ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა განუცხადა.
„ცხვირი აქვს გატეხილი და შუბლი აქვს გატეხილი, ორი ადამიანი უსწორდებოდა, ხიდზე აქვს დაზიანებები მიყენებული. რკინის რაღაცა ჯოხი ჰქონდათო ხელში", - ამბობს ახვლედიანის ინტერესების დამცველი.
ადვოკატის თანახმად, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის, ინციდენტის დროს რა მიმართულებით წავიდა შაქარაშვილი.
ადვოკატისვე ცნობით, ახვლედიანი შაქარაშვილს არ იცნობდა. თავად ახვლედიანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კვლავ მიმდინარეობს იმ ახალგაზრდების ექსპერტიზა, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ. გამოკითხვების პროცესი მიმდინარეობს პოლიციის განყოფილებაშიც.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, დაზიანებები სიცოცხლის დროსაა მიყენებული, თუ გარდაცვალების შემდეგ.
გარდაცვლილის მეგობრები აცხადებენ, რომ შაქარაშვილს წყლის ეშინოდა, ცურვა არ იცოდა და ის მდინარესთან საკუთარი ნებით არ მივიდოდა.
„ბავშვს დაზიანებები ზოგადად აქვს მთელს სხეულზე: როგორც სახის არეში, ისე ტანზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, როდის მიიღო ეს დაზიანებები – სიცოცხლის პერიოდში, თუ სიკვდილის შემდეგ. გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის“,– ამბობს შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.