
ელისო კილაძე სუს-ში დაიბარეს
24/06/2020 18:00:22 სამართალი
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნული სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის სავარაუდო დაგეგმვის საქმეს უკავშირდება.
კილაძის თქმით, რამდენიმე საათის წინ დაურეკა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელმა და 25 ივნისს გამოკითხვაზე დაიბარა.
„დამიკონკრეტა, რომ საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების საქმეს. 2 დღის წინ "იმედის" ეთერში უკრაინელმა ჟურნალისტმა ოლეგ დეინეკამ, რომელიც ცნობილია პრორუსული განწყობებით, გააკეთა განცხადება, რომ გაბუნია მზადდებოდა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიპუტინური მოძრაობის ლიდერი. როგორც დეინეკა აცხადებს, საქართველოდან მათ ორი პიროვნება დაუკავშირდა, რომლებმაც გიორგი გაბუნიას, როგორც ახალი პოლიტიკური ლიდერის პოპულარიზაცია სთხოვეს, მასთან საკონტაქტო პირად კი, ელისო კილაძე დაასახელეს. [...] მაქვს გონივრული ეჭვი, რომ რუსული მხარე ცდილობს, შემოიტანოს შეკვეთილი მკვლელობის ვერსია, ოღონდ სხვა მიმართულებით – თითქოს გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა სხვა ძალების მიერ, რათა საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარიყო ქაოსი და მე დასახელებული ვარ სავარაუდო ქაოსის ერთ-ერთ ორგანიზატორად“, – განაცხადა კილაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისივე თქმით, იგი სუს–ში ხვალ ხვალ 13:00 საათზე მივა.