ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირების მექანიზმით სარგებლობას
25/06/2020 09:33:16 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომელთაც ახალაშენებული ბინის შეძენა სურთ და პანდემიის გამო, იპოთეკური სესხის აღება გაურთულდათ, სახელმწიფო სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს.
როგორც მინისტრი განმარტავს, მექანიზმით სარგებლობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ყველა პირს, ვისაც ბინის შეძენა სურს.
მისივე ქმით, მექანიზმი ეხება ყველა დეველოპერს, რომელსაც სამშენებლო ნებართვა გააჩნია და კონკურსში ის დეველოპერები გაიმარჯვებენ, რომლებიც სახელმწიფოს ასაშენებლ ფართს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებენ:
„ეს მექანიზმები არის ადრესირებული ადამიანების მიმართ, ვინც იძენს ბინას. ეს, პრაქტიკულად, ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს,ზრდასრულს, 18 წელს ვინც არის გადაცილებული. ასევე, მექანიზმი ეხება ყველა დეველოპერს, ვისაც უჭირავს ხელში სამშენებლო ნებართვა. მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, მაგრამ საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებენ ის დეველოპერები, რომლებიც ყველაზე დაბალ, ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებენ თავის ასაშენებელ ფართს სახელმწიფოს.
ეს უნდა იყოს იმ მიზნით, რომ მხოლოდ ფინანსური ხარჯები დაეფაროს, მათ შეძლონ დაფინანსების შეკვრა და არა დეველოპერებისთვის, ზე-მოგების მიღების მიზნით. პირველი კომპონენტი ეხება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი დეველოპერისგან ვისაც სურს, რომ შეიძინოს ბინა, აიღოს საბანკო სესხი და კოვიდის გამო შეექმნა პრობლემები, შეუძლია ამ პროექტით ისარგებლოს“,- განაცხადა თურნავამ.
მინისტრი ამბობს, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმი:
„მაგალითად, სულ მცირე ბინის ღირებულების 10 პროცენტი უნდა ჰქონდეს განხორციელებული, მაგრამ ამავდროულად, 20 პროცენტამდე მიყვება სახელმწიფო, როგორც თანაუზრუნველმყოფი. ეს აძლევს საშულებას, რომ ბანკმა მისცეს სესხი“,- განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.


