
ჩინეთში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
18/06/2019 05:25:58 სხვა, მსოფლიო
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სიჩუანის პროვინციაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 125 კი დაშავდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 16 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, შედეგად დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები, ჩამოინგრა სასტუმრო.
ადგილზე მაშველები მუშაობდნენ, რომლებსაც ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავდათ. ხელისუფლებამ მიწისძვრით დაზარალებულ დასახლებაში 5 ათასი კარავი, 10 ათასი გასაშლელი საწოლი და 20 ათასი პლედი გაგზავნა.
ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა სიჩუანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში 2008 წელს მოხდა. მას 90 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.