
ლომჯარია – უგულავას საქმეზე: „სტრასბურგი დიდი ალბათობით, სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას დაადგენს“
25/06/2020 10:16:18 სამართალი
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუკი გიგი უგულავას საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა, დიდი ალბათობით, სტრასბურგი გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას დაადგენს.
„არ შეიძლება პროკურორი, რომელმაც გაასაჩივრა ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი უზენაეს სასამართლოში, შემდგომში ამ ადამიანს დახვდეს, როგორც გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა გიგი უგულავას მიმართ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მის მიმართ ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა პოლიტიკურ კონტექსტში და მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკურად დაიძაბა ვითარება, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები, რატომ შეიძლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ქვეყნის მხარდამჭერები განიხილავდნენ მას, როგორც პოტენციურად პოლიტიკურ პატიმარს“, - განაცხადა ლომჯარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ.
რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს, ომბუდსმენის შეფასებით, წარდგენილი ბრალი არ არის სწორი, რადგან „საქმეში არ დევს შემადგენელი კრიტერიუმები და გარემოებები, რაც შექმნიდა ფულის გათეთრების დანაშაულს“.
ამასთან, ომბუდსმენმა თქვა, რომ შეისწავლა ნიკა გვარამის ბრალი თანხების გაფლანგვასთან დაკაშირებით და მისი თქმით, „საერთოდ არ აქვს ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულს და გარემოებები, რაზეც აქვს ბრალი წარდგენილი, არის არა სისხლის სამართლის შესაწავლის საგანი, არამედ სამოქალაქო დავის საგანი უნდა იყოს“.
რაც შეეხება გიორგი რურუას ბრალდების საქმეს, ლომჯარიას შეფასებით, კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პირის მიერ იარაღის ქონას:
„მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები. არ გვაქვს დამოუკიდებელი მოწმის ჩვენებები, ვინც დაადასტურებდა, რომ იარაღი ნამდვილად იპოვეს“.
ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სადაც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლიური ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.