
შაქარაშვილის ბიძა: „თუ დაზიანებები სიცოცხლეში მიიღო, ძალიან ცუდ ამბავს დავატრიალებთ!“
25/06/2020 10:55:38 სამართალი
19 წლის ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ. მანამდე სპორტსმენის ოჯახმა განცხადება გააკეთა, რომ მომხდარზე ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩატარდეს.
გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მთავარია, დადგინდეს, როდის მიიღო შაქარაშვილმა დაზიანებები.
"ოჯახისთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ზუსტად გავიგოთ, ბავშვს არსებული დაზიანებები სიცოცხლის პერიოდში აქვს მიყენებული თუ არა. თუ სიცოცხლის პერიოდში აქვს მიყენებული, გიდასტურებთ, რომ ძალიან ცუდ ამბავს დავატრიალებთ. უნდა ვიცოდეთ ეს გადაჭრით და კატეგორიულად. ახლა რაც შეეხება მეორე საკითხს - თუ ეს არ აღმოჩნდა, რა თქმა უნდა გადავდივართ მეორე რეჟიმზე, რომლის დროსაც ასევე მკაცრი პოზიცია გვექნება. გიორგი თვითონ, ნებაყოფლობით, ღამის 2 საათზე არაგვში საბანაოდ, რომ არ ჩასულა, ეს ვიცით ყველამ. ანუ წინ კონფლიქტური განმაპირობებელი ფაქტები არსებობდა. ეს გარემოებები სამართლებრივად რა არის, რით უნდა დაისაჯოს დამნაშავე, რა კვალიფიკაცია მიესადაგება, ამაზე პრინციპული დამოკიდებულება გვექნება. დაზიანებები გიორგის არა მხოლოდ თავის არეში, არამედ სხეულზეც ჰქონდა. არ ვიცით, ექსპერტი ვერ აკონკრეტებს, რით და როგორ შეიძლება იყოს მიყენებული ეს დაზიანებები", - განაცხადა ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.საქმეს ამ ეტაპზე ბრალდებული არ ჰყავს.