11 ქვეყანა, სადაც COVID-19–ის შემთხვევები მატულობს

25-06-2020 21:05:52 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის 11 ქვეყანა დაასახელა, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები მატულობს. დასახელებულ ქვეყნებს შორის საქართველოს ორი მეზობელი სახელმწიფოც მოხვდა. დასახელებული ქვეყნებია:

  • ალბანეთი,
  • სომხეთი,
  • აზერბაიჯანი,
  • ბოსნია,
  • ყაზახეთი,
  • ყირგიზეთი,
  • ჩრდილოეთ მაკედონია,
  • მოლდოვა,
  • შვედეთი,
  • უკრაინა.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი იზრდება.

„თუ ეს უყურადღებოდ დარჩება, მაშინ ევროპაში ჯანდაცვის სისტემა კვლავ უფსკრულის ზღვარზე აღმოჩნდება“, – დასძინა ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანია და საფრანგეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას გაუზრდიან.

BBC-ს ცნობით, გერმანია მზადაა, წელს ორგანიზაციის ბიუჯეტში 500 მილიონი ევრო გადაიხადოს, საფრანგეთი კი 140 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებში აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას არაფერი აქვს საერთო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა.