
შაქარაშვილის ბიძა: „ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“
26/06/2020 07:01:14 სამართალი
19 წლის ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა საქმის მასშტაბიდან გამომდინარეობს.
"გიდასტურებთ, რომ 17 პირია დაკავებული. ვაფასებ დადებით, რადგან ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. ეს რაოდენობა [დაკავებულების] დამოკიდებულია იმაზე, რომ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა დაპირისპირებაში", - განაცხადა ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ორი მორაგბეა.
19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, წვეულების მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც შემდეგ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა. სწორედ იმ მონაკლეთიდან დაიკარგა გიორგი შაქარაშვილის კვალი.
თავდაპირველად გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, რომელსაც მოგვიანებით დაემატა ძალადობის მუხლიც.
გიორგი შაქარაშვილი გუშინ დაკრძალეს.