Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის არასრულწლოვანიცაა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის არასრულწლოვანიცაა

26/06/2020 08:04:56 სამართალი

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს გადკავებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ მონაწილეობდა კონფლიქტში არც მაგისტრალზე და არც წვეულებაზე და მას უჩნდება განცდა, ხომ არ სურს გამოძიებას „რაიმეს გადაფარვა“.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია 225-ე და 143-ე მუხლით, ეს არის ძალადობა ან მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა. იმდენად აბსურდული მუხლია ეს, რა კავშირშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ მუხლთან, ვერ გავიგეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია კონფლიქტში არც წვეულებაზე და არც მაგისტრალზე. ის არანაირ ძალადობაში არ იყო ჩართული. მიჩნდება განცდა, ხომ არ სურს რაიმეს გადაფარვა“,– განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის: დღეს დილით სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის ირგვლივ 17 პირი დააკავეს, მათგან სამი მორაგბეა: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ასევე არიან თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მამულაძე და ვრცელდება ინფორმაცია ევროპის ჩემპიონის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის დაკავების თაობაზეც.

განცხადება შსს–ში დღეს დაკეთდება და გაირკვევა, რომელ დაკავებულს რას ედავება გამოძიება.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, წვეულების მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც შემდეგ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა. სწორედ იმ მონაკვეთიდან დაიკარგა გიორგი შაქარაშვილის კვალი.

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, რომელსაც მოგვიანებით დაემატა ძალადობის მუხლიც.

გიორგი შაქარაშვილი გუშინ დაკრძალეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S