პუტინის  საპრეზიდენტო ვადების განულების ფასი მაცივრის მაგნიტები აღმოჩნდა

26-06-2020 12:26:33 ანალიზი

რუსეთის ფედერაციაში, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ვადამდელი სახალხო რეფერენდუმი 25 ივლისს დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურის მთავარი დღე 1 ივლისია, თუმცა პანდემიის პირობებში ადამიანების მასობრივი შეკრებების თავიდან ასაცილებლად, რეფერენდუმი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. 24 ივნისს ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც თავისი „ბედი“ თითქოს და რუს ხალხს მიანდო, განაცხადა: „როგორც არა ერთხელ მითქვამს, ისინი (ცვლილებები) ძალაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ მხარს მოქალაქეები დაუჭერენ. სწორედ ხალხის ნებაა პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ წლების და ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის სანდო, დინამიური და გრძელვადიანი განვითარება იყოს უზრუნველყოფილი.“

თუმცა, ასე არ ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ცვლილებების უკან ტირანიის საბოლოო გაფორმებას ხედავენ. მაგალითად, მწერალი დიმიტრი გლუხოვსკი წერს: „ამ დღეს ჩვენ საბოლოოდ ვიტყვით უარს თანამედროვე დემოკრატიის თამაშზე და ხელს მოვაწერთ შუა აზიის მსგავსი რომელიმე ქვეყნის გზაზე დადგომას. რუსეთი უარს იტყვის მომავალზე, რადგან ერთი (პირველი) ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე დრო გაჩერდება. მოხდება ისე, რომ რუსეთში გამართული არჩევნები ვერასოდეს, ვეღარაფერს ვეღარ შეცვლის და გადაიქცევა ხელისუფლების წინაშე თავის დახრის რიტუალად, ისევე როგორც ეს საბჭოთა დროში იყო. სიცოცხლის ბოლომდე გაპრეზიდენტებული ადამიანი დუმის იგნორირებას ბოლომდე შეძლებს, რაკიღა ყველა კონფლიქტს მათ თავზე გადავლით გადაწყვეტს, დაკარგავს ყველანაირ მნიშვნელობას საპარლამენტო ოპოზიციაც და ზოგადად პარლამენტიც.“

რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადება ვლადიმერ პუტინმა 15 იანვარს გაახმოვანა. ერთ-ერთი საკვანძო ცვლილების შედეგად, პუტინს საშუალება ექნება კიდევ ორჯერ გახდეს პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ ახალი კონსტიტუციის ცვლილებებისთვის ხმის მიცემის პროცედურის ჩატარება, მეორე მსოფლიო ომში 75-ე წლისთავის აღსანიშნავი აღლუმის შემდეგ დღეს დაიწყო. როგორც დამოუკიდებელ რუსულ მედიაში წერენ, ხელისუფლება იმედოვნებს აღლუმისგან მობილიზაციური ეფექტის, ხალხის აღტკინების და პოზიტიური განწყობის მიღებას. ასევე, ხელისუფლებას სურს აღნიშნოს ერთგვარი „გამარჯვება ვირუსზე“, რათა ადამიანებს იმედი გაუძლიერდეს და ამ ფონზე, ახალ კონსტიტუციას ხმა უფრო მეტმა ადამიანმა მისცეს. და ეს მაშინ, როცა პანდემია რუსეთში დამარცხებული სულაც არ არის-ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება.

თუ კი რუსეთის მოქალაქეები საკვანძო ცვლილებას მხარს დაუჭერენ, ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა ექნება ქვეყანას 2036 წლამდე უხელმძღვანელოს. მოსამზადებელი სამუშაოების მასშტაბებს თუ შევხედავთ, ხელისუფლებას დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს. რუსეთის მოქალაქეებს მოტივაციას გამაოგნებელი მეთოდებით უმაღლებენ, კრემლის ამ იდეების ავტორებს აშკარად ბადალი არ ჰყავთ. ეპიდემიის პირობებში სახალხო რეფერენდუმი კონსტიტუციის ცვლილებების თაობაზე, ითვალისწინებს ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცედურას საარჩევნო ოლქის გარეთ, მაგალითად სახლიდან საპატიო მიზეზის გარეშეც. „Дождь“-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გაარკვია, რომ მოსკოვში ელექტრონული ხმის მიცემისთვის მათი ნებართვის გარეშე ასაკოვან ადამიანებს არეგისტრირებენ. ამისთვის, ორგანიზატორები არიგებენ სიმ-ბარათებს, აგზავნიან ბაზებს პერსონალური მონაცემებით და პირდებიან თანხებს ყოველი რეგისტრაციისთვის და ხმისთვის.

მთავარი კი ის არის, რომ ჩაშვებულია ინტერნეტ პლატფორმა „აქტიური მოქალაქე“, სადაც ლატარია „მილიონი პრიზი“ თამაშდება. მის ფარგლებში ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნებში მივლენ, პროდუქტების და ნივთების შესაძენად სერტიფიკატებს მიიღებენ. ამ „საკონსტიტუციო“ ჯილდოების ჯამური ფასი 10 მილიარდი რუბლია. ასევე, იმართება მრავალი წამახალისებელი ვიქტორინაც. სხვადასხვა მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები თანამშრომლებს QR-კოდებს სთხოვენ, რათა შემდეგ მოხდეს იმის გაკონტროლება ნამდვილად მიიღეს თუ არა მონაწილეობა გათამაშებაში (ანუ ხმის მიცემაში). ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. Новая Газета-ს ინფორმაციით, მათ, ვინც ახალ „კონსტიტუციას“ ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს და რეფერენდუმში მონაწილეობა დიდად არ სურს, სწორედ ვიქტორინების მეშვეობით, სმარტფონებს, ბინებს და ათას პრიზს სთავაზობენ. ამას გარდა, ჰპირდებიან სანიტარული ნაკრების ჩუქებას. რუსეთში უკვე დიდი ხანია ამომრჩევლის მოზიდვის ასეთი ხერხია აპრობირებული. ამას გარდა, იმართება მრავალნაირი ლატარიებიც. საარჩევნო კომისიები ყველა რეგიონში უბნებზე მისულ ადამიანებს საკონცერტო ბილეთებსაც სჩუქნიან. ასევე, ბევრ რეგიონში რიგდება ბრენდირებული ბეიჯები, მაისურები, ქურთუკები. „BBC“-ს ცნობით კი, მაგალითად სახალინზე, რეფერენდუმის დღეს, უბნებზე პასპორტების ბრენდირებული ყდები, თემორჭიქები, მცენარეების თესლები და...მაცივრის მაგნიტები დარიგდება. როგორც ქალაქ პენზის მედია წერს, ერთ-ერთ დასახლებაში, მას, ვინც ხმის მისაცემად მივა, აუზის აბონემენტებს აჩუქებენ. ზოგ ქალაქში კი პიცის უფასო კუპონებს დაარიგებენ. აი, ასეთი ფასი აქვს პუტინის ახალ კონსტიტუციას, რომელიც მისი ვადების განულებას უზრუნველყოფს და მის მეფობას საბოლოოდ გააფორმებს.

თუმცა, ამავე დროს, ამ მხრივ ყველაფერი მაინც არც ისე დალაგებულად მიდის. პანდემიის მიუხედავად, რუსეთის ბევრ ქალაქში ტარდება აქციები, მიტინგები კონსტიტუციის ცვლილებების წინააღმდეგ, ადამიანები მაინც ცდილობენ პროტესტის გამოხატვას. უკვე ბევრი თვლის, რომ ახალი კონსტიტუცია რუსეთში „ტოტალიტარულ-ფაშისტურ“ რეჟიმს დაამკვიდრებს. როგორც „Ведомости“ წერს, ერთ-ერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ- „Russian Field“ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით, პუტინის ვადების განულების წინააღმდეგია გამოკითხულთა 48%. ასევე, გამოვლინდა ოპოზიციურად განწყობილი მოსკოველების 46%, რომლებსაც არ სურთ ხმის მიცემაში მონაწილეობის მიღება. ამას გარდა, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ სახელმწიფო მოხელეების და პოლიციელების მხოლოდ 37% უჭერს მხარს პუტინის ვადების განულებას. სოციოლოგების აზრით, რეფერენდუმზე რეალური აქტიურობის მაჩვენებელი დაახლოებით 30% იქნება, მაშინ როცა კრემლი მოსახლეობის 60%-იან აქტიურობას ელის.

მას მერე, რაც 24 ივნისს, მოსკოვში გამართულ აღლუმზე ლოიალური ქვეყნების ლიდერებიც კი არ ჩავიდნენ, რადგან ზოგმა დაბადების დღე და ზოგმა „ერთადერთი“ თვითმფრინავის გაფუჭება მოიმიზეზა, ჩანს, რომ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევას უკვე ძალიან ბევრი თაკილობს. კრემლის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ნუსხა იმდენად დიდია, ამის გადაფარვა ბელადის კულტის აღდგენით, მუქარებით ან მასშტაბური აღლუმების გამართვითაც უკვე რთულია. მიიღებს თუ არა პუტინი უფრო დიდ რეპუტაციულ დარტყმას, თუ მას მაცივრის მაგნიტები გადაარჩენს, ამას ერთ კვირაში შევიტყობთ.

თენგიზ არახამია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები