
კობახიძე – ოპოზიციას: "აუცილებლად მოგიწევთ ცვლილებებისთვის ხმის მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიპლომატებისგან ძალიან მკაცრი მუშტი მოგხვდებათ"
26/06/2020 17:02:13 საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმებასთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული.
მისივე თქმით, მისივე თქმით, ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფერს სპეკულაციების მთელი კასკადი მოჰყვა და საერთო ჯამში, აღნიშნულ საკითხზე ნათელის მოფენა ისევ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწიათ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ნიკა რურუა ნახსენები არ იყო.
,,როგორც მოგეხსენებათ, გარდა 8 მარტის შეთანხმებისა, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, სადაც საუბარია მარტივ რამეზე, ვციტირებ – აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
ტექსტი არის ძალიან მკაფიო, ძალიან მარტივი, თუმცა ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფერს მოჰყვა სპეკულაციების მთელი კასკადი და საერთო ჯამში, ისევ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწიათ ნათელის მოფენა ამ თემაზე.
ჯერ კიდევ პირველი მოსმენის წინ, 19 ივლისს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ფასილიტატორმა ელჩებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ძალიან ნათლად მოუწოდეს ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ეს მოხდა ზუსტად კენჭისყრის წინ, კენჭისყრის წინა დღეს და ვინ იყო ადრესატი, ეს არის ძალიან ნათელი. მაშინ რადიკალური ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან, კიდევ ერთი პოლიტიკური სპექტაკლი დაიდგა და ისინი ისევ შეეცადნენ შეცდომაში შეეყვანათ ქართულის აზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამის შემდეგ, უკვე მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ბოიკოტის შემდეგ, 23 ივლისს უკვე ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება - ის იმედოვნებდა, რომ საბოლოო მოსმენისას კანონპროექტს მხარს 142 დეპუტატი დაუჭერდა. არითმეტიკა არის ძალიან მარტივი, ძალიან მარტივია იმის დადგენა, თუ ვის გულისხმობდა ამ შემთხვევაში კარლ ჰარცელი - რა თქმა უნდა ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, 142 სხვანაირად ვერ დაანგარიშდებოდა. კიდევ ერთი მოწოდება რადიკალური ოპოზიციის მიმართ , რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა მეორე მოსმენის დროს რადიკალური ოპოზიციის ორივე წარმომადგენელმა პარტიამ, ნაცმოძრაობის ორივე განშტოებამ, უარი თქვა ელჩის ამ მოწოდების შესრულებაზე.
შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება ამერიკის ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან, რომელმაც ძალიან მკაფიოდ მოგიწოდათ კიდევ ერთხელ, მხარი დაგეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. კერძოდ, კელი დეგნანმა ბრძანა - ,, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილეებები სრული მხარდაჭერით იყოს მიღებული. ეს განცხადება გაკეთდა მესამე მოსმენის წინ, მგონი აქაც ყველაფერი ძალიან ნათელია, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა , ელჩებმა თქვენგან ვერ მიიღეს ადეკვატური პასუხი.
დღეს უკვე გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის , რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვამბობდით, კერძოდ ელჩმა ბრძანა შემდეგი - ,, ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძ₾ია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, რომ ეს პარტიებს შორის განხილვის საკითხია. ამასთან დაკავშირებით დღეს გიგა ბოკერიამ და სხვებმა გააკეთეს საპასუხო არა მარტო შეურაცხმყოფელი, არამედ უზრდელური განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ და ამაზე ბუნებრივია, ისინი მიიღებენ პასუხს, ეს მკაცრი პასუხი იქნება და ეს პასუხი თქვენ მოგხვდებათ ცხვირში, ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავისი ყველა განშტოებით.
რაც შეეხება მართლმსაჯულების სფეროში ჩაურევლობის საკითხს, ელჩებმა ბრძანეს , რომ ეს არის განგრძობითი პროცესი, რასაც ჩვენ ბუნებრივია ვეთანხმებით. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია და ბუნებრივია ქართულ მართლმსაჯულებას მუდმივი დაკვირვება სჭირდება, სწორედ ამაზეა საუბარი ჩვენს მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში. აქედან გამომდინარე, თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევით თქვენს პასუხისმგებლობას , აუცილებლად მოგიწევთ ამ დარბაზში მოსვლა და მესამე მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა. თუ ამას არ გააკეთებთ, ამ შემთხვევაში მოგხვდებათ დიპლომატებისგან ძალიან მკაცრი მუშტი ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას. დღეს ძალიან ბევრი ისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და შემდეგ ევროსაბჭოში ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ,, აღიარა“ , ბრჭყალებში თუ როგორც არის ის, რომ სწორედ ქართულმა მხარემ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. თქვენ მოაწერეთ ხელი ამას, თქვენ ხართ მოღალატეობრივი, რუსული ძალის საქმის გამკეთებელი პოლიტიკური ძალა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.