Accentnews.ge
აშშ-ის სენატში საქართველოს სამხედრო დახმარების გადახედვის საკითხი განიხილება

აშშ-ის სენატში საქართველოს სამხედრო დახმარების გადახედვის საკითხი განიხილება

27/06/2020 12:02:11 პოლიტიკა, თავდაცვა

“აშშ-ის მიერ მომავალ წელს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა ქვეყნის მიერ კონკრეტული ვალდებულებების შესრულებასა და დემოკრატიის ზოგად შეფასებაზე უნდა იყოს დამოკიდებული” - ამერიკის 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი ცვლილებები სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა მოამზადა, - იუწყება “ამერიკის ხმა”.

შესწორებათა ტექსტში საუბარია ორი ქვეყნის თითქმის 30-წლიან ურთიერთობებზე და აღნიშნულია, რომ 1992 წლიდან ამერიკულმა მხარემ საქართველოს 4,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო, სამხედრო სფეროსთვის გამოყოფილი 732 მლნ დოლარის ჩათვლით.

როგორც რიში აღნიშნავს, 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საარჩევნო სისტემის რეფორმისა და სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამყენების დაუშვებლობის თაობაზე. პროექტის ავტორი ასკვნის, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი ამ დრომდე არ არის შესრულებული.

პირობები, რომლებზეც, რიშის აზრით, სამხედრო სფეროში საქართველოს დახმარება უნდა იყოს დამოკიდებული, ტექსტში 8 რეკომენდციებადაა ჩამოყალიბებული.

  • ავტორი გამოდის წინადადებით, სამხედრო ბიუჯეტში აღინიშნოს, რომ აშშ მზად იქნება, განაგრძოს საქართველოსთან თანამშრომლობა, მათ შორის – ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ «საქართველოს მთავრობა ეკონომიკის, მართვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში რეფორმების კეთილსინდისიერად გატარებას გააგრძელებს».
  • ცვლილებების პროექტი შეიცავს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების, არჩევითი თანამდებობების პირებისა და მთავრობისადმი მოწოდებას უთანხმოებების დაძლევის თაობაზე. რიშის აზრით, მათ “ერთად უნდა იმუშავონ თავისუფალი მედიის, კერძო სამეწარმეო საქმიანობის, ასევე უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარების ხელშესაწყობად”.
  • სენატორის აზრით, სამხედრო დახმარების გამოყოფა დამოკიდებული უნდა იყოს ეუთო-ს რეკომენდაციის შესრულებაზე საარჩევნო რეფორმის კუთხით (2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება, შესაბამისი ცვლილებები უზრუნველეყოთ).
  • ცვლილებების პროექტის ავტორი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებით, მათ შორის ყველა სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეთა დანიშნვის უფრო გამჭვირვალე პროცედურის შემოღებით ქვეყანაში დემოკრატია განამტკიცოს. ამასთან, რიში აღნიშნავს, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსაც განამტკიცებს.
  • დოკუმენტში ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეა საუბარი. მასში ფიგურირებს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდება, «უზრუნველჰყოს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარება 2020 წლის 8 მარტს შეთანხმებული პირობების შესაბამისად».
  • იმისათვის, რომ რიშის ინიციატივები აშშ-ის 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტში აისახოს და კანონად იქცეს, მათ სენატის მხარდაჭერა სჭირდება.

სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტმა 2021 წლის ფინანსური წლის (იწყება მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს) სამხედრო ბიუჯეტის (მისი ოდენობა 740,5 მილიარდი დოლარითაა განსაზღვრული) პროექტს ჯერ კიდევ 11 ივნისს უყარა კენჭი. ახლა მას სენატის ზედა პალატის მთელი შემადგენლობა განიხილავს.

  • აშშ-ის 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტში საქართველოს დახმარება 132 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით იყო განსაზღვრული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S