როდის განაახლებენ ფიტნესდარბაზები და აუზები მუშაობას

30-06-2020 02:43:50 საზოგადოება ,ეკონომიკა

ფიტნესდარბაზებსა და აუზებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა სავარაუდოდ, ახლო მომავალში მიეცემათ,– ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება ეპიდვითარების გათვალისწინებით იქნება საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული.

ფერაძე ამბობს იმასაც, რომ ბიზნესთან კომუნიკაციით ყალიბდება.

„ფაქტობრივად, ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, იქნება ეს აუზები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნესი თუ ა.შ. მათთან ერთად ვიმუშავებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც მაქსიმალურად ადაპტირებული და მორგებული იქნება დარგის სპეციფიკაზე. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ყველა ის ნიუანსი და გამოწვევა, რომელიც ამ სფეროში არსებობს. სპეციფიკის გათვალისწინებით, მომატებულია საფრთხე: სავარჯიშო დარბაზებზე რომ ვისაუბროთ, ვინაიდან ნიღბის გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელია, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა განსაკუთრებულ გამართულ მუშაობას საჭიროებს. ამ ეტაპზე მათთან კიდევ გვაქვს მოლაპარაკება, რა შეიძლება იყოს ის საუკეთესო გამოსავალი, რომ ერთი მხრივ, ხარჯი რაციონალური იყოს, ხოლო მეორე მხრივ – მაქსიმალური პრევენცია გავითვალისწინოთ, როცა რეკომენდაციებზე ვმუშაობთ. გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. ალბათ, უახლოეს პერიოდში, თუ სიტუაცია მოგვცემს ამის შესაძლებლობას, იქნება ნებადართული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები