კადიროვი მოსკოვში ნემცოვის მკვლელებისა და მოვსარ ბარაევის გვერდით ცხოვრობდა

30-06-2020 10:20:42 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი და მისი ოჯახი 2002 წლიდან მოსკოვში ფლობენ ბინას იმავე სახლში, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, ჩეჩნეთის მკვიდრი მოვსარ ბარაევი ცხოვრობდა და თეატრალურ ცენტრ “ნორდ-ოსტზე” თავდასხმას გეგმავდა. გარდა ამისა, გამოძიების მასალების თანახმად, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მოპირდაპირე სახლში დასახლდნენ ჩეჩნეთის მკვიდრნი, რომლებსაც შემდგომში ამ დანაშაულში წაუყენეს ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობას ისინი სწორედ იქ ამზადებდნენ და მისი განხორციელების შემდეგაც იქ დაბრუნდნენ.

ამას გამოცემამ «Открытые медиа» მიაქცია ყურადღება. მან “როსრეესტრის” მონაცემები შეისწავლა და დაადგინა, რომ ორივე ბინა, რომელიც გამოძიების მასალებში ფიგურირებს, რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ეკუთვნის.

სახლი № 30, კორპუსი 2 ვეერნაიას ქუჩაზე 1997 წელს გავლენიანი მაღალჩინოსნებისთვის ააშენეს. პრეზიდენტ პუტინის მიერ 2002 წლის ივნისში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნულმა აჰმათ კადიროვმა მასში 150 კვ. მ ფართის ბინა მიიღო.

2002 წლის იანვარში უფროსმა კადიროვმა, მისმა მეუღლემ აიმანმა, ქალიშვილებმა ზარგანმა და ზულაიმ, ასევე ვაჟმა რამზანმა თავის ცოლ მედნისთან და ქალიშვილებთან – აიშათთან და კარინასთან ერთად ბინა საკუთრებაში გაიფორმეს. რამზან კადიროვი, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი 2004 წელს – მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა, ქონებრივ დეკლარაციებში ამ ბინას არასოდეს ასახავდა, მაშინ, როცა მასში თავის წილს 2010 წლამდე ინარჩუნებდა. შემდეგ ბინა საკუთრებაში დედამისს გადაეცა, რომელიც ამჟამად მისი მეუღლის - უფროსი კადიროვის სახელობის ფონდს ხელმძღვანელობს.

სხვა ბინა ვეერნაიას ქუჩაზე, მისამართით სახლი #46, კორპუსი 1, ჩეჩნურ ბატალიონ “ჩრდილოეთის” ყოფილი ლიდერის, რუსლან გერემეევის ნათესავს – არტურ გერემეევს ეკუთვნის, რომელიც ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული. მკვლელობის უშუალო განმახორციელებელი ზაურ დადაევი, რომელსაც 20 წელი აქვს მისჯილი, მის უშუალო დაქვემდებარებაში იყო.

ნემცოვის ახლობლებსა და კოლეგებს არაერთგზის განუცხადებიათ იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას არ სურს გამოძიების წარმოება გერემეევის მიმართ იმის გამო, რომ იგი რამზან კადიროვის ახლობელია. აღინიშნება, რომ ნემცოვის მკვლელობამდე ორი თვით ადრე არტურ გერემეევი ვეერნაიას ქუჩაზე ბინის მფლობელი გახდა.

  • რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს დედაქალაქის ცენტრში, მოსკოვის დიდ ხიდზე მოკლეს. მკვლელობის დამკვეთები და ორგანიზატორები ამ დრომდე არ უპოვიათ. ნემცოვის ახლობლები და კოლეგები თვლიან, რომ დანაშაულის ორგანიზებასა და დამნაშავეთა მფარველობასთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვას აქვს კავშირი.
  • სპექტაკლ “ნორდ-ოსტის” დროს თეატრალურ ცენტრზე თავდასხმა 2002 წლის 23 ოქტომბერს მოხდა. სამ დღეში ხელისუფლებამ ტერორისტებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და შენობის შტურმი დაიწყო. სპეცოპერაციის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 130 ადამიანი დაიღუპა, ხოლო საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ნორდ-ოსტის” მტკიცებით - 174, კიდევ 700 დაშავდა. მძევლების დიდი ნაწილის დაღუპვის მიზეზად შენობაში შეშვებული გაზი იქცა, რომლის შემცველობა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. მედიკოსებს, რომლებიც დაშავებულებს ეხმარებოდნენ, არ გააჩნდათ ინფორმაცია აუცილებელი ანტიდოტის შესახებ.
  • 2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ტერაქტში დაზარალებულთა კოლექტიური სარჩელი განიხილა და დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სიცოცხლისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებები დაარღვია. სასამართლომ რუსეთს მოსარჩელეთათვის კომპენსაციების გადახდა და 130 მოქალაქის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება დააკისრა. თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უარი განაცხადა, სისხლის სამართლის საქმე აღეძრა იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისნგებლები არიან შტურმის დროს მოქალაქეების დაღუპვაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები