„უკანასკნელ წლებში ენმ მის ორბიტაზე არსებული საზოგადოებრივი აქტორები და მედიასაშუალებები ევოლუციის ნაცვლად, უწყვეტ და შემაშფოთებელ დეგრადაციას განიცდიან"

30-06-2020 11:02:37 საშინაო პოლიტიკა

"სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში “ნაციონალური მოძრაობა” და მის ორბიტაზე არსებული საზოგადოებრივი აქტორები და მედიასაშუალებები ევოლუციის ნაცვლად, უწყვეტ და შემაშფოთებელ დეგრადაციას განიცდიან",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "პროგრესულობასა და მედასავლეთეობაზე უქსკლუზიური უფლების განაცხადით მოქმედი ოპოზიციის “ნათელაშვილიზაცია”, არათუ ქართული საზოგადოების, არამედ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა":

,,სულ რაღაც 4-5 წლის წინ, შალვა ნათელაშვილი, ანტიდასავლურობის პარალელურად, უგემოვნობის, პოლიტიკური კიჩის, სამარცხვინო უპრინციპობის და შეუნიღბავი მერკატილიზმის ეტალონად ითვლებოდა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. ის იყო სიმბოლო, როგორი არ უნდა ყოფილიყო ქართველი პოლიტიკოსი და ჩვენ კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც რომელიმე პოლიტიკური აქტორი ან კომენტატორი ოპონენტის დაკნინებას ცდილობდა, იგი მას შალვა ნათელაშვილს ადარებდა - შალვა ნათელაშვილს დაემსგავსაო, ამბობდა. დღეს კი, “ნაციონალური მოძრაობა” შალვა ნათელაშვილს ქართული ოპოზიციის პატრიარქად მოიხსენიებს და ეს მართლაც მწარე სიმართლე გამოდგა, რადგან პროგრესულობასა და მედასავლეთეობაზე უქსკლუზიური უფლების განაცხადით მოქმედი ოპოზიციის “ნათელაშვილიზაცია”, არათუ ქართული საზოგადოების, არამედ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა, რისი ნათელი მაგალითი ევროკავშირის სპეციალური განცხადება გახლავთ გერმანიის ელჩის მიმართ უზნეო თავდასხმის დაგმობის თაობაზე. ამ განცხადებამ მდაბიო პოლიტიკური კლოუნი შალვა ნათელაშვილი და ერთ დროს “სვეცკი” თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ სიბრტყეზე დააყენა და თანაბრად გაკიცხა. ვერ გეტყვით, რამდენად გამოაფხიზლებს საკუთარ კაკანათში გაბმულ და “გამონათელაშვილებულ” ოპოზიციას ევროკავშირის მიერ საჯაროდ გაწნული სილა, მაგრამ მოძღვრება გვასწავლის, რომ ხსნა სასიკვდილო სარეცელზეც შესაძლებელია. ამიტომ, ფრთხილი ოპტიმიზმით დაგაკვირდებით. პ.ს. მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ აწი რამე ეშველოთ”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები