
ავსტრალიამ ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე კარანტინი ხელახლა შემოიღო
30/06/2020 08:56:41 მსოფლიო
ავსტრალიამ ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე კარანტინი ხელახლა შემოიღო. ვიქტორიას შტატის ქალაქ მელბურნის 10 გარეუბანში საკარანტინო ზომები კვლავ დაწესდა, რომელიც ძალაში 29 ივლისამდე იქნება.
მოქალაქეებს, რომლებიც იმ 10 დასახლებაში ცხოვრობენ, სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუკი მაღაზიებში საკვებისა და სხვა აუცილებელი ნივთების საყიდლად, სასწავლებლად ან სამუშაოდ მიდიან და ამის გაკეთება სახლიდან გასვლის გარეშე შეუძლებელია.
აღნიშნულ უბნებში დაიხურა სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები და საცურაო აუზები. კაფეებსა და რესტორნებს კი მხოლოდ ადგილზე მიტანისა და წაღების სერვისების განხორციელების საშუალება ექნებათ.
ცნობისათვის: ვიქტორიას შტატში ბოლო 14 დღეა ახალი შემთხვევების მკვეთრად იმატებს. ავსტრალიაში, პანდემიის გავრცელების დღიდან 7 836 შემთხვევაა დადასტურებული, ახალმა კორონავირუსმა 104 ადამიანი იმსხვერპლა.
მსოფლიოში COVID-19–მა 508 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 416 000–ს გადააჭარბა, 5 670 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 928-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.