
რა გზით შემოდიან საქართველოში რუსეთის მოქალაქეები – შსს–ს განმარტება
30/06/2020 09:03:20 სამართალი
საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ საქართველოს საზღვრები ყველა მიმართულებით ჩაკეტილია.
რაც შეეხებათ საკუთრივ რუსეთის მოქალაქეებს, მიმინისტრის თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
„ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, ასევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს საზღვრები გახსნილია. აქცენტი გაკეთებული იყო რუსეთზე, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოდიან ავტომობილებით. მინდა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს სხვა მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, როდესაც შემოდის ჩვენი მოქალაქე, ყველა მათგანი ორკვირიან კარანტინში მიდის, ასევე ესენი უმეტესად არიან ორმაგი მოქალაქეები ანუ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე საქართველოს მოქალაქეების შვილები ან მეუღლეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ - ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი უკან გავაბრუნოთ. თუ მშობელი ორმაგი მოქალაქეა, შვილს სხვა ქვეყანაში ვერ დავტოვებთ. ამიტომ ხდება ეს, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რომ რუსული ნომრებით დადიან მანქანები და რუსეთის მოქალაქებები. ასევე, რუსეთის ბევრი მოქალაქეა საქართველოში ისეთი, ვინც კორონავირუსის დროს არ წავიდა და დარჩა საქართველოში, ისინი ლეგალურად არიან და მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან,“ - განაცხადა გომელაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.