იმნაძემ ჩინეთში დაფიქსირებული ახალი ვირუსის პანდემიურ პოტენციალზე ისაუბრა

30-06-2020 14:50:50 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა, თუმცა მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები.

„ე.წ. ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 21-ე საუკუნის, რომელიც მოჰყვება იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკოლოგიაში, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და აშ. ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და შემდგომ ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. ამიტომ ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

უშუალოდ ჩინეთში დაფიქსირებულ ახალ ვირუსზე კომენდარი გააკეთა გამყრელიძის მოადგილე პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ახალ ვირუსს პანდემიური პოტენციალი აქვს, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის რისკი ნაკლებია.

„ახალი ვირუსი ჩინეთში და სხვაგანაც ძალიან ხშირადაა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება, ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს. მათ პანდემიური პოტენციალი აქვთ და ასეთი ბოლო წლებში 5-6 გამოჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ პანდემიური პოტენციალი არ შეუძენიათ, იმიტომ, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს“,-აღნიშნა იმნაძემ.

ცნობისთვის: BBC ჩინეთში გრიპის ახალი ტიპის ვირუსის წარმოშობის შესახებ იუწყება.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ახალი ვირუსის G4 EA H1N1 მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა და ის სასუნთქ გზებს აზიანებს.

მკვლევრები შიშობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს, რასაც მორიგი პანდემია მოჰყვება, ვინაიდან ვირუსს ყველანაირი ნიშანი აქვს, რომ მას გარემოსთან ადაპტაცია და ადამიანის დაავადება იოლად შეუძლია.

იუწყებიან, რომ ჩინეთში ახალი ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდათ სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს.

მკვლევრების თანახმად, ვირუსი დაუყოვნებლივ რეაგირებას არ საჭიროებს, თუმცა საყურადღებოა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები