სად მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის შედეგია

30-06-2020 16:08:39

"რთულია ვიქონიოთ იმედი, რომ არქტიკა თავად შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. არქტიკისთვის ეს რეალური კატასტროფაა.“ -განაცხადა „BBC“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ბორის მორგუნოვმა, მას მერე რაც ნორილსკის თბო ელექტრო სადგურზე 20 ათასი ტონა საწვავის გადინება მოხდა. ეკოლოგები ამ ავარიას არქტიკისთვის ყველაზე მასშტაბურ ეკოლოგიურ კატასტროფას უწოდებენ. რუსეთის გარემოს დაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საწვავის გადინების არეალში, ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენას მინიმუმ ათი წელი დასჭირდება. ინტერნეტში და მედიით გავრცელდა ადგილობრივი მდინარეების გამოსახულება, სადაც წყალი მთლიანად წითლად არის შეღებილი-ამ მდინარეებში 29 მაისს 20 ათასზე მეტი ტონა „დიზელი“ ჩაიქცა, რომელიც კომპანია „Норникель“ რეზერვუარებში ინახებოდა. 6 000 ტონა გრუნტში ჩავიდა, დაახლოებით 15 000 კი ადგილობრივ მდინარეებში ჩაიღვარა. ამ დროისთვის ნორილსკის წყალსაცავებში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია დაშვებულ ნორმას 200-ჯერ აღემატება.

როგორც ცნობილია, „ნორნიკელის“ კუთვნილი თბოსადგურის საწვავის ავზების ჰერმეტულობა დაირღვა და მოგვიანებით კი აალებაც მოხდა. და რა რეაგირება მოახდინა ამ კატასტროფაზე უმსხვილესმა რუსულმა კომპანიამ, ადგილობრივმა და ფედერალურმა ხელისუფლებამ? ამ პრობლემით ვლადიმერ პუტინი მომხდარიდან 5 დღის შემდეგ დაინტერესდა-ონლაინ თათბირის მეშვეობით. მის წინაშე თავისი ანგარიში კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორმა, ოდიოზურმა ალექსანდრე უსმა დაასრულა სიტყვებით იმის შესახებ, რომ არ იცის თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიის ლიკვიდაცია 14 დღეში. მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ხელისუფლებამ პრობლემის მასშტაბების შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ, მას მერე გაიგო, რაც ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სწორედ ამ თათბირის დროს ვლადიმერ პუტინმა- რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ რკინის ხელით მართავს რუსეთს, საჯაროდ დააფიქსირა ის ფაქტი, რომ მან არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. დამნაშავეების გამოვლინებაც „სცადა“. თუმცა, კომპანიის თავკაცებმა, მინისტრებმა და გუბერნატორებმა, „МЧС“-ის ხელმძღვანელებმა დანაშაულის ერთმანეთისთვის გადაბრალება დაიწყეს-კომპანიის მხარე ამბობდა, რომ მაშინვე გააგზავნეს შეტყობინება, გუბერნატორი ამტკიცებდა, რომ პირიქით, კომპანიამ არაფერიც არ გააგებინა. „МЧС“-ის ხელმძღვანელმა ზინიჩევმა პუტინს მოახსენა, რომ პირველი ორი დღე „Норникель“-ი ცდილობდა თავისი ძალებით მოეხდინა ავარიის შედეგების ლიკვიდაცია, ხოლო სამაშველო სამსახური მხოლოდ ამის მერე ჩაერთო საქმეში. „Росприроднадзор“-ის უფროსმა სვეტლანა რადიონოვამ თქვა, რომ მდინარეებში დაბინძურებული ნივთიერებების კონცენტრაციის დონე „ათიათასჯერ მეტია“. ასევე, მისი თქმით, მისი უწყების ინსპექტორები კვლევასაც აწარმოებენ, მაგრამ კომპანიის დაცვის სამსახური უშუალოდ ავარიის ადგილზე მათ არ უშვებს.

როგორც ვხედავთ, რუსეთის ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კი ყველას და ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს და სხვის შიდა საქმეებში ჩარევაც სჩვევია, თავის ტერიტორიაზე მომხდარი მასშტაბური კატასტროფის შესახებ გვიან, ისიც სოციალური ქსელებიდან იგებს. ამის მერეც, მოვლენები ისე ვითარდება, პუტინის „განრისხება“ აბსოლუტურად ფასადური, ყალბი და არაფრის მომცემი სჩანს. ვინ ვინ და სწორედ მან მისცა კარტ ბლანში იმ კომპანიას, რომელმაც ნორილსკში ცალკე სახელმწიფო შექმნა, არანაირ კანონს არ ემორჩილება და ამ მასშტაბის კატასტროფაც კი მისთვის არაფერს ნიშნავს. მართალია, „Норникель“ -ის მფლობელმა ვლადიმერ პოტანინმა ავარიის შემდეგ 1,5 მილიარდი დოლარი დაკარგა, რადგან მისი კომპანიის აქციები 8%-ით დაეცა. თუმცა, პოტანინის 25,2 მილიარდიანი პირადი ქონებით ის კვლავ ინარჩუნებს რუსეთის ყველაზე მდიდარი კაცის სტატუსს. „Норникель“ თავის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელური საწარმოა მსოფლიოში. მიზეზი დაბალი დანახარჯიცაა, რადგან ძირითადი კაპიტალდაბანდება ჯერ კიდევ „პერესტროიკამდე“ -1972 წელს მოხდა, როცა საწარმოს უკანასკნელი მსხვილი მოდერნიზება ჩატარდა. კომპანიაში ახლა ამტკიცებენ, რომ ცისტერნა იმის გამო დაზიანდა, რომ მის ქვემოთ მუდმივი ყინულის დნობა დაიწყო. არა და, სპეციალისტები დიდი ხანია, ნორილსკის რეკონსტრუქციის აუცილებლობის შესახებ საუბრობენ. კომბინატი, შახტები, სადგური და კომუნალური ქსელებიც-ყველაფერი საბჭოთა დროის არის, ჯერ კიდევ ბრეჟნევის ეპოქამდე აშენდა. ატმოსფეროში გოგირდის დიოქსიდის გაფრქვევის მასშტაბებით, „ნორილსკის ნიკელი“ მსოფლიოს რეკორდსმენია. „ავარიამდეც, მათი ნარჩენები მდინარეში ხვდებოდა, ყველაფერი ავარიულ მდგომარეობაში იყო.“-ამბობს ეკოლოგი ალექსეი კნიჟნიკოვი. „წინა გადინებებმაც უკვე დიდი ზიანი მიაყენეს ცოცხალ ორგანიზმებს მდინარეებსა და ტბაშიც. თევზი იმდენად მოწამლულია, რომ მეთევზეებს მიღებული აქვთ მკაცრი გაფრთხილება-ამ ტბაში არ ითევზაონ“.

ამ საწარმო გიგანტის მფლობელები მილიარდებს შოულობენ, თუმცა ზიანს აყენებენ თუ არა სამყაროს, ეს სულაც არ ადარდებთ. კრემლში მიაჩნიათ, რომ მთავარი შემოსავალია, რაც ბირთვული ზესახელმწიფოს იმიჯის შესანარჩუნებლადაა საჭირო. ის, თუ როგორ ცდილობენ რუსეთის ხელისუფლება და მისი ბიზნეს სტრუქტურები მავნებლური საქმიანობის მიჩქმალვას, კარგად ჩანს იმ შემდგომი მოვლენებიდანაც, რომლებიც ნორილსკის ირგვლივ განვითარდა. ფაქტიურად, რომ არა სოციალური ქსელები და აქტიური ადამიანების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დღესაც იგივე განმეორდებოდა, რაც 1982 წელს ჩერნობილში, როცა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მსოფლიოს კატასტროფის შესახებ არ გაეგო. ამის გამო კი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის შეწირვასაც არ მოერიდნენ.

27 ივნისის დილას, ნორილსკის აეროპორტში დააკავეს მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი სერგეი მიტროხინი, რომელიც „Новая газета“-ს ჟურნალისტების თხოვნით ჩავიდა იქ. დეპუტატს ჟურნალისტების და ეკოლოგების მიერ შეგროვებული, გრუნტის და წყლის ნიმუშები დამოუკიდებელ ლაბორატორიაში უნდა წაეღო. ნიმუშები ნორილსკიდან მოშორებით მდებარე ტბებსა და მდინარეში იყო აღებული. მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, მიაღწია თუ არა დაბინძურებამ ამ ადგილებამდე, რამხელაა ნავთობპროდუქტებით დაბინძურების მასშტაბები. თუმცა, გაფრენის წინ, სერგეი მიტროხინი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გააჩერეს. მას განუცხადეს, რომ ვერსად გაფრინდება, სანამ ნიმუშებს „Норникель„-ის ლაბორატორიაში არ ჩააბარებს. „Норникель“-ი წყვეტს რა შეიძლება იყოს გატანილი ნორილსკიდან და რა არა“-ასე უთხრეს მას. კითხვაზე თუ რა კავშირი აქვს „Норникель“ -ს აეროპორტთან, უპასუხეს:-„აეროპორტიც „Норникель“-ია“. ამას გარდა, „Новая газета“-ს კორესპოდენტების და ეკოლოგების მივლინების დროს, მათი დაკავების სამი მცდელობა მოხდა, დაედევნნენ ვერტმფრენითაც. უშუალოდ ქალაქ ნორილსკის ადმინისტრაციაც კომპანიას მხოლოდ მოგების მიღებაში ეხმარება და არ რეაგირებს რაიმე დარღვევაზე, პირიქითაც კი. 2019 წელს, ნორილსკის მაცხოვრებლებმა ქუჩებში, ფეხქვეშ გრანულირებული შლაკი აღმოაჩინეს, რომელიც გზების მოყინვის საწინააღმდეგო საშუალების ნაცვლად გააფრქვიეს. მასში შემავალი ნივთიერებები ადამიანების ჯანმრთელობას და გარემოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. თუმცა, კომპანიამ ამ გარიგების შედეგად დიდძალი ფული მიიღო. ანუ შლაკის უტილიზაციის და ამისთვის ფულის დახარჯვის მაგივრად, კომპანიამ იგი ქალაქს მიჰყიდა.

ცოტა ხნის წინ, უკვე ივნისის ბოლოს, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტები ეკოლოგებთან ერთად კვლავ ტუნდრაში გაემგზავრნენ, რათა „ნორნიკელის“ შვილობილი კომპანიის საქმიანობაც შეესწავლათ. მათი ინფორმაციით, გამომუშავებული ნარჩენები ტუნდრაში იყრება, საიდანაც ისინი ტბასა და მდინარეში ხვდება. ჟურნალისტებმა თავად ნახეს როგორ ღვრიან ტუნდრაში „ნორნიკელის“ თანამშრომლები მძიმე ლითონებით და გოგირდოვანი მჟავით დაბინძურებულ წყალს. როდესაც ამის აღსაკვეთად სამართალდამცველები გამოიძახეს, კომპანიის თანამშრომლებმა მილების სასწრაფოდ მოხსნა და თავისი საქმიანობის კვალის დაფარვა დაიწყეს. პროკურორები ადგილზე პოლიციის მანქანით მივიდნენ, „Норникель“ -ის კუთვნილმა ბულდოზერმა კი მას უბრალოდ გადაუარა.

რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლთან შეზრდილი რუსული კომპანიები გარემოს ამხელა ზიანს აყენებენ. 1992 წელს „Росприроднадзор“-ის ადგილობრივმა თანამშრომელმა ნორილსკის კომბინატზე საჩივარი დაწერა. რუსეთის უმაღლესმა არბიტრაჟმა, ტაიმირის ტყეებისთვის მიყენებული ზარალის გამო, კომპანიას 1,2 მილიარდი რუბლის ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაიხადეს. მერე კიდევ, კიდევ და შემდეგ კი, როცა ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღმოჩნდა, ყველაფერი სახელმწიფოს საიდუმლოს რანგში ავიდა. ნორილსკის ახალმა მეპატრონეებმა და კრემლმა უბრალოდ ერთი სინდიკატი შექმნეს-პუტინი კი ვიღაცებს ფასადურად უბრაზდება და მეისრეებს სჯის.

2019 წლის 8 აგვისტოს, არხანგელსკის ოლქში, დაბა ნენოქსთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, „Росатом“-ს 5 თანამშრომელი და 2 სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარის ზუსტი მიზეზი არ დაასახელა, მხოლოდ აღნიშნა, რომ ცდების დროს რაკეტის ძრავი აფეთქდა, რომელიც რადიაქტიური წვის იზოტოპებს იყენებდა. ძირითადი ვერსიით, აფეთქება შესაძლოა, ახალი ფრთოსანი ბირთვული რაკეტა „ბურევესტნიკი“-ს ტესტირების დროს მომხდარიყო. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანების დაღუპვის ფაქტი აღიარა, ინციდენტიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ინფორმაციის დამალვას ცდილობდნენ. არ მოხდა დაბა ნენოქსის მაცხოვრებლების გაფრთხილება და მათი უსაფრთხოების დაცვაც. არხანგელსკის საავადმყოფოს ექიმები იმის შესახებ არ გააფრთხილეს, რომ მათთან რადიაციით დასხივებული ადამიანები შეყავდათ. მოგვიანებით, ექიმების სისხლში რადიაქტიური ნუკლიდი ცეზიუმ-137 აღმოაჩინეს. „Медуза“-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ დაზარალებულს უთხრეს, რომ ცეზიუმი მის სისხლში „ტაილანდში, მივლინების დროს მირთმეული კიბორჩხალების გამო აღმოჩნდა“. 19 აგვისტოს კი, რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული საერთაშორისო მონიტორინგის ოთხი სადგური კავშირზე არ გამოვიდა. რამდენიმე დღეში კავშირი აღდგა, მომხდარი კი რუსმა ჩინოვნიკებმა იმით ახსნეს, რომ სადგურებს უბრალოდ ქსელი დაუზიანდათ. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნენოქსის ავარიის შემდეგ, ერთდროულად მონიტორინგის რამდენიმე სადგურის გათიშვა, ჰაერში გაფრქვეული რადიაქტიური იზოტოპების რეალური შემადგენლობის დასამალად მოეწყო.

და ბოლოს, 22-23 ივნისს, საყოველთაო ბირთვულ ტესტირებათა ამკრძალავი შეთანხმების ორგანიზაციამ (CTBTO), ატმოსფეროში, სკანდინავიის ქვეყნებსა და რუსეთის დასავლეთ მხარეს რადიოაქტიური ნივთიერებების, ცეზიუმ-134-ის, ცეზიუმ-137-ის, კობალტ-60-ისა და რუთენიუმ-103-ის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოაჩინა, თუმცა ამ დროისთვის ეს „ღრუბელი“ ადამიანებისთვის ზიანის მომტანი არ არის. რუსეთის ატომური ენერგიის კორპორაციის წარმომადგენლების თქმით, რეგიონში მდებარე მათი ორი ელექტროსადგური გამართულად მუშაობს და რადიაციის დონეც ნორმალურია. ეს ინციდენტი ბევრ სპეციალისტს უკვე აგონებს 2017 წლის სიტუაციას, როდესაც ევროპის თავზე მსხვილი რადიოაქტიური ღრუბელი შენიშნეს. მაშინ, საკმაოდ ბევრი ადამიანი ბრალს რუსეთს სდებდა, რასაც მოგვიანებით სამეცნიერო კვლევებმაც დაუჭირეს მხარი, თუმცა რუსეთმა ბრალეულობა უარყო.

ფაქტია, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან როგორც კონკრეტულ სახელმწიფოებს თუ ინდივიდებს, ასევე ჩვენს გარემოსაც განუზომელი საფრთხე ემუქრება. და როგორ ლოგიკურად ჟღერს რუსეთის ინტერნეტ ქსელში გააქტიურებული, კრემლის მმართველის-ვლადიმერ პუტინის გვარის ახალი დეფინიცია ПУТИН-П лановое У ничтожение Т ерритории И Н аселения ...

საბა ჭკუასელი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები