კადიროვი გამოვიდა ინიციატივით, პუტინი პრეზიდენტად უვადოდ აირჩიონ

30-06-2020 18:40:08

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი გამოვიდა ინიციატივით, ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად უვადოდ იქნას არჩეული.

"სულ ვამბობდი, რომ პუტინი პრეზიდენტად უვადოდ უნდა ავირჩიოთ. ვის შეუძლია სადღეისოდ მისი შეცვლა? ასეთი პოლიტიკური ლიდერი მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს და ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ! დღევანდელი ჩეჩნეთის რესპუბლიკა – ის ასეთი ჩვენს ისტორიაში არასოდეს ყოფილა, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში რუსეთის ფედერაციაში და ვართ ამ დიადი სახელმწიფოს მოქალაქეები", – განაცხადა კადიროვმა პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრის საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე.

მსგავსი განცხადებით კადიროვი 2018 წლის მარტშიც გამოვიდა. აპრილში კი ჩეჩნეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ მზად არიან, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შესაბამისი შინაარსის კანონპროექტი წარადგინონ.

  • პუტინი რუსეთის სათავეში 2000 წლიდან იმყოფება. 2008 წელს მან დიმიტრი მედვედევთან პრეზიდენტისა და პრემიერის თანამდებობებს შორის როქი განახორციელა.
  • ახლა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში პუტინს შესაძლებლობა ეძლევა, მისი საპრეზიდენტო ვადების განულებით ხელისუფლების სათავეში 2036 წლამდე დარჩეს.
  • საყოველთაო კენჭისყრა ოფიციალურად 1 ივლისისთვის არის დაგეგმილი, თუმცა რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში და უცხოეთში გახსნილ უბნებზე იგი წინმსწრებად – 25 ივნისიდან მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები