ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გეგმა დაამტკიცა

01-07-2020 08:47:31 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გეგმა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას DW პენტაგონის პრესპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გეგმა დონალდ ტრამპს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა ორშაბათს წარუდგინა.

”წინადადება, რომელიც დამტკიცდა, ხელს შეუწყობს რუსეთის შეკავებას, გააძლიერებას ნატო-ს, გააუმჯობესებს აშშ-ის სტრატეგიულ მოქნილობას და აშშ-ის ევროპული სარდლობის ოპერატიულ მოქნილობას და იზრუნებს ჩვენს ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე,”- განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.

ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსებიან გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცები. 25 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცების ნაწილი, შესაძლოა, პოლონეთში გააგზავნონ.

ცოტა ხნის წინ ტრამპმა გერმანია თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გერმანიაში განთავსებული ამერკელი სამხედროების რაოდენობის 25 000-მდე შემცირებას გეგმავს.

"ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ის კი არასწორად იქცევა ნატო–ში შენატანთან დაკავშირებით. ასე, რომ ვგეგმავთ, 25 000-მდე შევამციროთ გერმანიაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა. ალიანსის წევრები აღარ უნდა ეყრდნობოდნენ ასე მძიმედ აშშ–ს თანხებს ნატო–ს შესანარჩუნებლად. აშშ–ის კონტინგენტის განთავსებით გერმანია ფინანსურ სარგებელსაც იღებს, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ფულს ამ ქვეყანაში ხარჯავენ", – განაცხადა ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე.

რიგი ამერკელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ ვაშინგტონი გერმანიაში კონტინგენტს შეამცირებს, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს, ხოლო ევროპაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.

ამ დროისთვის გერმანიაში 34 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები