
პენსიონერების ნაწილისთვის დღეიდან პენსია იზრდება
01/07/2020 05:01:59 საზოგადოება
დღეიდან, პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება და 250 ლარი ხდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაზრდილი პენსიით ისარგებლებს დაახლოებით 410 000–ზე მეტი პენსიონერი.
ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი, პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 %–ის ოდენობით.
მთავრობაში განმარტავენ, რომ 2021 წლის იანვრიდან იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით: ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი; მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.