Accentnews.ge
„ყველა ბიზნესმოთამაშე ხვდება, რომ ფრენები ერთ თვეში არ აღდგება...არ შეიძლება, ყველაფერი ვირუსს დააბრალო“

„ყველა ბიზნესმოთამაშე ხვდება, რომ ფრენები ერთ თვეში არ აღდგება...არ შეიძლება, ყველაფერი ვირუსს დააბრალო“

01/07/2020 20:25:09 ეკონომიკა

"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი კომპანია Wizz Air–ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს.

მისი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც მთავრობა აკეთებდა განცხადებებს რიგი კომპანიების წარმოების მაგალითად, ჩინეთიდან საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობაზე, ქვეყნიდან მსხვილი გადამზიდავი გადის.

მისივე თქმით, Wizz Air–ის საკითხი დიდი დარტყმაა ქართული ტურიზმის ინდუსტრიისთვის, მით უმეტეს, გაურკევევლობის პერიოდში.

„Wizz Air–მა ბაზა დახურა და პროგნოზი იმისა, როდის გაიხსნება, არავის აქვს. ეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ Wizz Air ქუთაისის აეროპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამკვეთი და დამსაქმებელია, ქვეყნისთვის სტრატეგიულად ძალიან ცუდია. პარალელურად, მთავრობის მხრიდან ვერ ვხედავთ ვერანაირ განცხადებას, რა გააკეთეს, რომ კომპანია საქართველოში გაჩერებულიყო. არაერთი განცხადება გაკეთდა კრიზისის პერიოდში, რომ უნდა მოხდეს დიდი წარმოებებს გადმოტანა მაგალითად, ჩინეთიდან საქართველოში; რომ საქართველოს შეუძლია „მწვანე დერეფნების“ შექმნა; რომ ეს ბიზნესისთვის შესაძლებლობაა, მაგრამ რეალურად, ამ ბაქი–ბუქის მიღმა პირველი ნაბიჯი რაც გადაიდგა, იყო არსებული კომპანიის, ერთ–ერთი მსხვილი გადამზიდავის ქვეყნიდან გასვლა (დავარქვათ დროებით გასვლა, მაგრამ ისინი ოპერირებას წყვეტენ და არც იციან როდის გააგრძელებენ, რადგან პროგნოზს ვერ აკეთებენ). სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია, რომ კომპანია საქართველოში დაეტოვებინა. ვლაპარაკობთ, რომ ფრენები ერთ თვეში აღდგება. ესეც სრული აფსურდია: ყველა ბიზნესმოთამაშე ხვდება, რომ ფრენები ერთ თვეში არ აღდგება. ფრენების აღდგენის პერსპექტივა რომ ჰქონოდა, Wizz Air ქვეყნიდან ასე არ გავიდოდა, ბაზას და თანამშრომლებს ერთი თვის განმალობაში შეინარჩუნებდა. მთავრობამ არაფერი გააკეთა, იქნებოდა სატარიფო პოლიტიკის შეცვლა, ცალკეული შეთანხმებების მიღწევა კომპანიასთან, ფინანსური შეღავათების მიცემა თუნდაც ერთი თვის განმავლობაში. ეს მეტყველებს, რომ მთავრობა პრობლემას ვერ ხედავს, ვერ ათვითცნობიერებს მის სიღრმეს, არ აქვს გადაწყვეტის გზები, მიშვებული აქვს თვითდინებაზე და ამას ვირუსს აბრალებს. არ შეიძლება, ყველაფერი ვირუსს დააბრალო. მთავრობა იმისთვის ხარ, რომ პროცესი მართო“,– განაცხადა ასათაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. 30 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იქნება.

30 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას აუქმებს.

1 ივლისს Wizz Air–ში განაცხადეს, რომ კომპანია გამოხატავს მზაობას, შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S